2018 წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასის ინდექსი 1.4%-ით არის გაზრდილი.ამის შესახებ „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Jump Start-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.
კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 1 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 6.7 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 8.71 დოლარი ანუ 21.68 ლარი მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.4 დოლარი, ანუ 10.90 ლარი გლდანშია.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 6.93 დოლარი (17.23 ლარი); ნაძალადევში - 5 დოლარი (12.43 ლარი); დიდუბეში - 6.10 დოლარი (15.16 ლარი); ვაკეში - 7.59 დოლარი (18.86 ლარი); ჩუღურეთში - 6.98 დოლარი (17.36 ლარი); ისანში - 7.06 დოლარი (17.54 ლარი); კრწანისში - 7.79 დოლარი (19.36 ლარი); ხოლო სამგორში - 5.23 დოლარი (13 ლარი) იყო.