ემუქრება თუ არა ბიუჯეტს გარღვევა? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მთავარი სახელმწიფო ყულაბის შესრულების პარამეტრები გამოქვეყნდა.
გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით მთავრობას პრობლემა არ აქვს, მაგრამ გეგმა ვერ სრულდება გრანტებისა და საგარეო სესხების ნაწილში. გეგმა ვერც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სრულდება - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაგეგმილზე 238 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. რას ფიქრობს ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე და ყიდის თუ არა მისი უწყება გარგარს - ამ და სხვა თემებზე "კვირის პალიტრას" ნოდარ ხადური ესაუბრა.
- პირველი ივნისის მონაცემებით, ამოღებულია გადასახადების წლიური გეგმის 39,3%, რაც 131 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. 5 თვე წლის დაახლოებით 40%-ია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წლის პირველ ნახევარში ბიზნესაქტივობა უფრო სუსტია, ვიდრე მეორეში, გადასახადების ამოღების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბიუჯეტში არასდროს ყოფილა.
- რას უკავშირებთ საგადასახადო შემოსავლების ასეთ მაღალ მაჩვენებელს, ასე უცებ აყვავდა ბიზნესი ქვეყანაში?
- ასე უცებ რომ აყვავებულიყო, მაშინ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 30 მილიარდი დოლარის ფარგლებში კი არ იქნებოდა, არამედ 300 მილიარდის, როგორც ჩვენი მოცულობის ევროპულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ბიზნესმა გამოცოცხლება დაიწყო. არ მინდა ჭარბი ოპტიმიზმი, კარგად ვხედავ, რა ხდება, მაგრამ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ ცუდზე ილაპარაკონ, ხალხი შეაშინონ. არადა ბიუჯეტი სრულდება, გავზარდეთ პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელფასები, ოღონდ არა მინისტრების (პირიქით, მინისტრების ხელფასები შევამცირეთ), ჯარისკაცების ანაზღაურება გავზარდეთ, პოლიციელების, პედაგოგების. 80 მილიონი ლარი მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის სახით დავაბრუნეთ მხოლოდ გასულ ორ თვეში. ყველა ბავშვმა უფასოდ მიიღო სახელმძღვანელო, სტუდენტებს 17 ფაკულტეტზე ვასწავლით უფასოდ, სოფლის მეურნეობაში გამოცოცხლებაა, ხალხმა მიწისკენ პირი იბრუნა, ხელში აიღო იარაღი და მუშაობს. ღვინის შოვნა გახდა ქვეყანაში პრობლემა. ახლა მავანი ამ წინადადებას კუდს გამოაბამს: ღვინოს ეძებს ხადური, ვერ დაულევიაო. 300%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტი. გრანტების ნაწილში შესრულება გეგმის 31,7%-ია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, რადგან მათ თავისი მიზნობრიობა აქვთ. ხშირად გრანტს თავად დონორი წარმართავს. თავად შეადარეთ - გრანტების წლიური გეგმა 144 მილიონი ლარია, გადასახადების გეგმა კი 6,8 მილიარდი ლარი. გრანტები მთელი ბიუჯეტის მხოლოდ 1%-ია და ამ ნაწილში გეგმის შეუსრულებლობაში პრობლემას ვერ ვხედავ.
- კი მაგრამ, გრანტებიდან 4 მილიონზე ცოტა მეტია შემოსული, გეგმა კი 144 მილიონია...
- გრანტები არ თანაბრად არ ნაწილდება მთელ წელიწადზე. თუ გრანტი მოდის ახალი სასწავლო წლისთვის რომელიმე სკოლის შესაკეთებლად, მისი ათვისება არდადეგებზე, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება.
- მარტო სკოლებისთვის ხომ არ მოდის გრანტები, ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი სწორედ გრანტებით ფინანსდება...
- ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ახალი გზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მიშამ ლამის გახსნილად გამოაცხადა, ისე რომ არც ტენდერი იყო გამოცხადებული, არც პროექტი არსებობდა და კორუფციული სქემებიც გამოვლინდა. ამ ყველაფრის მოწესრიგებამ შეაფერხა ხსენებული პროექტის დაწყება. გზების მშენებლობა გრძელდება, ამჟამად კვლევები მიმდინარეობს აგარა-რუისის, აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე, სადაც ასევე ახალი გზის მშენებლობას დავიწყებთ. სადღაც ამოვიკითხე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი წერდა: თიანეთში რა კარგი გზა გაუკეთებიათ, თავი ამერიკაში მეგონაო. ძალიან გამახარა ამ ამბავმა. დანახვა უნდა იმას, რასაც ვაკეთებთ. არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც ჩვენს ზოგიერთ "კეთილმოსურნეს" სურს და ჰგონია.
- თუ წლის ბოლოს დაფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ბაზარზე ფულის დიდი მასა ერთბაშად გამოვა, ხომ არ გამოიწვევს ეს ლარის გაუფასურებას, როგორც ეს გასული წლის ბოლოს მოხდა?
- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და გეტყვით, რომ წლევანდელ ხუთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულია გეგმის 35%, ანუ 3 მილიარდზე მეტი. ეს 12%-ით მეტია შარშანდელ იმავე დროის მონაცემზე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხარჯვა მთელ წელიწადზე გადასანაწილებლად და წლის ბოლოს არ ვაპირებთ იერიშის მიტანას. გაცვლით კურსზე კი ჯობს ეროვნულ ბანკს ესაუბროთ, ის დამოუკიდებელი უწყებაა და მონეტარულ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. დავანებოთ თავი საქართველოს - ჩვენს ყველა მეზობელ და ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, ეროვნული ვალუტების გაცვლითი კურსები მკვეთრად გაუარესდა დოლარის მიმართ.
- 17 მაისის შემდეგ პარალიზებულია ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი. რა ზარალი მიიღო ამის გამო სახელმწიფომ?
- წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე, ლარსის გავლით ექსპორტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა. თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, რადგან ექსპორტიორებს ალტერნატიული გზებით გადაზიდვა მოუწევთ. ლარსიდან იმპორტის შემოსვლაც შეჩერებულია, თუმცა ამისთვისაც შესაძლებელია ალტერნატიული გზები გამონახვა. მაგრამ იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც, ამ პრობლემას დროულად მოვაგვარებთ.
- აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,7%-ია, მარტში კი 8,3% იყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა შეიძლება ვერ შესრულდეს?
- საკმაოდ მაღალი - 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო 6 თვის განმავლობაში. აპრილის მაჩვენებელს თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში ის, რომ შარშანდელ აპრილში იყო ზრდა შედარებით მაღალი. ამავე დროს, ჩვენ გავაანალიზეთ, სად გვაქვს პრობლემები და არის რამდენიმე სფერო, სადაც ბრუნვა შემცირებულია. მაგალითად, სათამაშო ბიზნესში. სამაგიეროდ, გაზრდილია ბრუნვა მშენებლობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. წინასწარი მონაცემებით, მაისში სულ ცოტა ორჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება აპრილთან შედარებით. თუმცა გასათვალისწინებელია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორები, რაც საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედებს.
გარე ფაქტორებში უპირველესია უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე ამბები. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ უკრაინაში ვითარება თანდათან დასტაბილურდება. ამ ორ ქვეყანაში ჩვენი ექსპორტის 15% გადის. ზრდა გვაქვს საზღვარგარეთიდან თანამემამულეებისგან ფულად გზავნილებში, მაგრამ არა ისეთი, როგორც წინა წლებში. თუნდაც, რუბლის გაუფასურების გამო, ისინი იმავე თანხით ნაკლებ დოლარს ყიდულობენ და აგზავნიან. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ ვხედავ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირების საფუძველს. ჩვენი ოპონენტები "აცრილი" არიან ჩემს ოპტიმიზმზეც.
- ისინი დღემდე არ გპატიობენ შარშან რამდენიმე ასეული მილიონის გარღვევას ბიუჯეტში. იტოვებთ თუ არა უკან დასახევ გზას, მსგავსი რამ წლეულსაც თუ განმეორდება?
- საშემოსავლო ნაწილის შარშანდელი შეუსრულებლობა ცუდია, მაგრამ ჩვენ არ მიგვიმართავს ბიუჯეტის შესავსებად ის მეთოდები, რასაც ადრე ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა. ამჟამად თუ გსმენიათ, ბიზნესმენების ცოლები დაეპატიმრებინოთ, ან ბუღალტერი დაეჭიროთ და შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინოთ?!
- ახლა ამბობენ, რომ ძალიან გააქტიურდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური...…
- უნდა გააქტიურდეს კიდეც, რათა ეკონომიკურ დანაშაულს ვებრძოლოთ. ადამიანებმა გადასახადები უნდა გადაიხადონ, მაგრამ მხოლოდ ის, რაც კანონით ეკუთვნით. არ ვაპირებ ბიუჯეტის შევსებას "შეწერილი" გადასახადებით.
- აღნიშნეთ, რომ მინისტრების ხელფასები შემცირდა, თუმცა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" თქვენი კოლეგების სოლიდური პრემიები და სახელფასო დანამატები გამოაქვეყნა. ამ ნუსხაში თქვენი გვარი არ ყოფილა, რატომ?
- იმდენივე ავიღე ხელფასისა და დანამატის სახით, რამდენიც ჩემმა სხვა კოლეგებმა, ორი-სამი გამონაკლისის გარდა. ორგანიზაციას, რომელმაც ჩვენგან ეს მონაცემები მოითხოვა, ჯამური მაჩვენებლები გავუგზავნეთ. საჯარო მოხელეები ვალდებული ვართ, შემოსავლების დეკლარირება მოვახდინოთ და როცა ამის დრო მოვა, ასეც მოხდება. არასდროს არაფერი დამიმალავს და არც ახლა ვაპირებ რამის დამალვას. 2008 წლის აგვისტოში, ომის წაგების დროს აქვთ მაშინდელ მინისტრებს მიღებული მაღალი პრემიები.
- თქვენი მთავრობის მისამართითაც ამბობენ: ბიუჯეტი გაერღვათ და პრემიებს რაში იღებდნენო?
- ომი წააგეს, ეკონომიკა დააქციეს და პრემიებს იღებდნენ! 2008 წელს, ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო ეკონომიკის შენელება. 2008 წლის ივნისში ბანკებს საგრძნობი პრობლემები შეექმნათ. იმ დროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში მენეჯერად ვმუშაობდი და ვიცი, რომ ომამდე ორი თვით ადრე დაიწყეს ბანკებმა სესხებზე "ხელის მოჭერა". ამ დროს კი მაშინდელი მინისტრები პრემიის სახით იღებდნენ გაცილებით მეტს, ვიდრე ფინანსთა მინისტრი იღებს დღეს ხელფასსა და დანამატს ერთად.
ჩვენ რა, გვინდა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა ისჯებოდეს?! თუ საჯარო სამსახურში ხელფასი არ იქნება საშუალო ხელფასის შესაბამისი, კადრების გადინება მოხდება. საქართველოში საშუალო ხელფასი 900 ლარია. ჩვენი საშუალო მოხელეც ამდენივეს იღებს.
1996 წელს დავიწყე საჯარო სამსახურში მუშაობა და მაშინ მინისტრის ხელფასი 29 ლარი იყო. პენსია კი იყო 7 ლარი. როგორ ფიქრობთ, მინისტრი 29 ლარზე ცხოვრობდა? - იმ მინისტრებს მაშინ დაგროვილი ქონება ახლაც აქვთ და საკმაოდ კარგადაც გრძნობენ თავს. ამიტომ, საჯარო მოხელეს პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს და შემოსავალიც.
- რამდენად ნორმალურია, რომ 9-მილიარდიანი ბიუჯეტიდან სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე 1,3 მილიარდი ლარი იხარჯება?
- პენსიებზე რამდენი მიდის იხარჯება ბიუჯეტიდან, იცით? 110 მილიონი თვეში და 54 მილიონი - სოციალურ დახმარებებზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ 150 ლარი საკმარისია, მაგრამ ეს მეტია ორი წლის წინანდელ 110 ლარზე.
- და დღემდე ელოდებიან პენსიის კვლავ გაზრდას.
- ეკონომიკა უნდა გაიზარდოს. არ შეიძლება, ბიუჯეტის მთელი ხარჯი მხოლოდ სოციალურ პროექტებზე მიდიოდეს. 2,7 მილიარდს ვიხდით მხოლოდ ჯანდაცვასა და სოცუზრუნველყოფაში, 700 მილიონზე მეტს - განათლებაში.
- ამ ბოლო დროს ისიც ითქვა, რომ თქვენი უწყება გარგარს ყიდის...…
- ფინანსთა სამინისტრო გარგარს არ ყიდის. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა რამდენიმე ძალიან საინტერესო მეურნეობა, მათ შორის ერთი საგურამოში, სადაც სხვადასხვა ჯიშის ხილი გამოჰყავთ, აღადგინა რამდენიმე ასეული ვაზის ჯიში და ეს ყველაფერი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. კანონით, სახელმწიფო ქონება აუცილებლად უნდა გაყიდოს ან ეკონომიკის სამინისტრომ (თუ ეს უძრავი ქონებაა), ან ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (მოძრავი ქონება). ამ სამსახურმა უბრალოდ ერთმანეთთან დააკავშირა მეცნიერები, რომლებსაც ეს ხილი მოჰყავთ და მებითუმეები.
- არაერთხელ გააკრიტიკეს ფინანსთა სამინისტროს სარესტორნო ხარჯები.
- საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ხადურის სტუმრებია... დავიწყოთ იმით, რომ ისინი ჩემი პირადი სტუმრები არ არიან. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მათ შორის ჩემმა მეგობრებმა, ჩემი ჭარბი წონა და ფინანსთა სამინისტროს სტუმრების მომსახურება ერთმანეთთან დააკავშირეს და ბინძური კამპანია წამოიწყეს. ფინანსთა მინისტრს თუ სხვა ვერაფერი უპოვეს გასაკრიტიკებელი, ძალიან მიხარია. მერწმუნეთ, ასეთი კარგი მინისტრიც არ ვარ.
შარშან საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრა. ას კაცზე მეტი ჩამოვიდა, მოვატარეთ კახეთი და გულითადად გავუმასპინძლდით. წლეულს იგივე შეხვედრა უკვე ჰააგაში მოეწყო ჩასული ვიყავი ცოტა ხნის წინ დავბრუნდი.
- როგორ გაგიმასპინძლდნენ?
- ისე არა, როგორც ქართველებმა ვიცით, მაგრამ შემიძლია დღის წესრიგი გაჩვენოთ და ნახავთ, რომ ყოველდღე ეწყობოდა სადილი და ვახშამი, რომელიც ბევრად ძვირი ღირდა ჩვენს შეთავაზებულ მენიუზე. წლეულს მარტში ჩამოვიდნენ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ევროპის ყველა ქვეყნის საბაჟოს უფროსი, აგრეთვე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები - ისე გამოვიდა, რომ სამ დღეში ექვსი ბანკეტი გავმართეთ და თითო 1000 ლარი დაჯდა.
სხვათა შორის, არ მიყვარს რესტორანში სიარული, რადგან ყველა რესტორანში მცნობენ. მეტიც, სხვები ეშლებათ უკვე ხადურში. სადღაც წავიკითხე, ნოდარ ხადური ყოველდღე გოგა ხაჩიძესა და კობა ხაბაზთან ერთად ქეიფობსო. ამის დამწერს უნდა მიუსაჯო ხაჩიძესა და ხაბაზთან ქეიფი.
- არადა, როცა რესტორნების თემა აგორდა, ფინანსთა მინისტრი დიეტას იცავდა. საინტერესოა, როგორია ხადურის დიეტა და რამდენი კილოგრამი დაიკელით?
- შემოდგომით დავითვალოთ დაკლებული კილოგრამები...არანაირ დიეტას არ ვიცავ, არც დიეტოლოგთან დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები მქონდა. ჩემი წონის მთავარი პრობლემა არანორმირებული სამუშაო გრაფიკია. შესაძლოა, ღამის 12 საათამდე ლუკმაც ვერ გავღეჭო. როცა შინ მივდივარ, ვცდილობ აღარ ვჭამო, რაც ზოგჯერ გამომდის და ზოგჯერ - არა.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”