პოლიფარმაციის მართვის მიზნით 2018 წლის 16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი მოქმედებს.აღნიშნულთან დაკაშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო ავცელებს ინსტრუქციას, თუ როდის და როგორ უნდა გადაამოწმონ მოქალაქეებმა ჭარბად აქვთ თუ არა მედიკამენტები დანიშნული.
1.რატომ უნდა გადავამოწმო ექიმის დანიშნულება?
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მედიკამენტების გამოწერისას არსებობს სხვადასხვა სახის რისკები. ერთ-ერთი ასეთი რისკია პოლიფარმაცია - დიდი რაოდენობით მედიკამენტების საჭიროების გარეშე დანიშვნა და მიღება. ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი 20 რეცეპტიდან 1 შეიცავს შეცდომას მედიკამენტების რაოდენობის მიმართულებით. ექიმის დანიშნულების გადამოწმება დამატებით უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.
2.რა საშუალებით ხდება დანიშნულების გადამოწმება?
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს პაციენტების მიერ გადამოწმების მიზნით გადმოგზავნილ დანიშნულებებს.3.რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დანიშნულება, რომ მოხდეს მისი გადამოწმება?
დანიშნულება უნდა მოიცავდეს ხუთ და მეტ მედიკამენტს. ამასთან, აღნიშნული დანიშნულებით მკურნალობა ან უნდა მიმდინარეობდეს, ან არ უნდა იყოს დაწყებული (დანიშნულების მატერიალური ფორმის არსებობისას ინფორმაცია უნდა მიუთითოთ თავად დანიშნულების ფურცელზე, ხოლო ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში - სისტემაში უნდა აირჩიოთ მკურნალობის სათანადო სტატუსი-მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). ამავდროულად, მატერიალური ფორმით წარმოდგენილი „დანიშნულების ფურცლის“ შემთხვევაში, ის უნდა იყოს წაკითხვადი, ტექნიკური ხარვეზების გარეშე.4. როგორ გავგზავნო გადასამოწმებლად ჩემი დანიშნულება?
ელექტრონული რეცეპტის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმებისთვის მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: შებრძანდით ელექტრონულ პორტალზე - „ელექტონული რეცეპტების სისტემაში შესვლა“. აღნიშნულ პორტალზე თქვენ უკვე რეგისტრირებული ბრძანდებით ექიმის მიერ ელექტრონული რეცეპტის პირველად გამოწერის დროს. სისტემაში შესვლისთვის საჭიროა აირჩიოთ გვერდი „პაციენტი“ და შესაბამის ველში მიუთითოთ პირადი ნომერი და პაროლი.თუ პაროლი დაგავიწყდათ, შეგიძლიათ იხილოთ სამახსოვრო ბარათში, რომელიც ექიმის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დროს გადმოგეცათ. მას შემდეგ, რაც თქვენ გაივლით ავტორიზაციას და შეხვალთ სისტემაში, შეგიძლიათ ექიმის დანიშნულების გადამოწმებისათვის აირჩიოთ ორი გზა.
პირველი გზა: აირჩიეთ ველი „დანიშნულებები“, აირჩიეთ ქვეგვერდი „ვიზიტი“, სასურველი ვიზიტის მონიშვნის შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება კლავიშა „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევით იწყება განაცხადის შექმნა ამ ვიზიტის შესაბამის თარიღში გამოწერილი მედიკამენტების ერთობლიობაზე.
მეორე გზა:
აირჩიეთ ქვეგვერდი „დანიშნულებები“, სადაც ნებისმიერი დანიშნულების არჩევისას მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით იხილავთ კლავიშს „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევით იწყება მონიშნული მედიკამენტის თარიღში გამოწერილი ყველა მედიკამენტის ერთობლიობაზე, როგორც ერთ დანიშნულებაზე განაცხადის შექმნა.ორივე გზას მივყავართ კლავიშამდე „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევის შემდეგ სისტემა ავტომატურად ამოწმებს პირობას 5 და მეტი მედიკამენტის შემცველობაზე. თუ ეს პირობა დარღვეულია და დანიშნულება შეიცავს 5-ზე ნაკლებ მედიკამენტს, გამოდის სათანადო შეტყობინება და განაცხადი ვერ შეიქმნება.
თუ პირობა დაცულია, გამოდის არჩეული მედიკამენტის/ვიზიტის შესაბამისი მედიკამენტების ჯგუფი, რათა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, სწორად აირჩიეთ თუ არა სასურველი დანიშნულება.
კლავიშით „გაგრძელება“ გადავდივართ განაცხადის ფორმაზე, სადაც მითითებულია განაცხადის სტატუსი (ენიჭება ავტომატურად). თქვენ თავად ირჩევთ უკუკავშირის მეთოდს (ტელეფონი, ელ.ფოსტა) და უთითებთ სათანადო ინფორმაციას. ასევე, აუცილებლად უთითებთ მკურნალობის სტატუსს (მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). კლავიშა „დადასტურებით“ სრულდება განაცხადის შექმნა.
აღნიშნული გზებით შექმნილ ყველა განაცხადს ენიჭება ნომერი, რომელიც ჩანს დანიშნულებებში ვიზიტების ქვეგვერდზე თუ რეცეპტი არ არის გამოწერილი ელექტრონულ ფორმატში, დანიშნულების ფურცელი წარმოადგინეთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში, სადაც ოპერატორი დოკუმენტს ელექტრონულად ატვირთავს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტ ბრუნვის სისტემაში და თქვენი დანიშნულების ფურცელი ამ გზით გადაიგზავნება პოლიფარმაციის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან.
5. როგორ და რა ვადაში მივიღებ პოლიფარმაციის ჯგუფის პასუხს ჩემი დანიშნულების შესახებ?
დანიშნულება განიხილიავს პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფი. შეტყობინებას იღებთ გასნაცხადის გაგზავნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მომართვის ფორმის შესაბამისად: ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არსებულ პაციენტის გვერდზე, ან აკითხავთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გაკეთებული გაქვთ ელექტრონულად, შედიხართ ელექტრონულ პორტალზე და ირჩევთ მენიუს „განცხადებები“ (აქ შესაძლებელია შექმნილი ყველა განცხადების ნახვა).ცხრილში ჩანს ყველა განაცხადი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ნომრები. აქვე ჩანს „განაცხადის შემდეგი სტატუსები: „გაგზავნილია“ ან „ხელმეორედ გაგზავნილია“ ნიშნავს, რომ განაცხადი ჯერ არ არის განხილული; „რეაგირებულია-არ სჭირდება/სჭირდება კორექცია“ ნიშნავს, რომ განაცხადი განხილულია სამინისტროს სამუშაო ჯგუფის კლინიკური ფარმაკოლოგის მიერ და გამოტანილია შესაბამისი რეკომენდაცია. ასევე ჩანს „ექიმის სტატუსი“, რომელიც აღნიშნავს ექიმის მოსაზრებას (ვეთანხმები/არ ვეთანხმები) სამინისტროს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციასთან დაკავშირებით.
თუ დანიშნულება ატვირთული გაქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალიდან, დასკვნისთვის კვლავ მიაკითხეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს, სადაც მიიღებთ პოლიფარმაციის ჯგუფის რეკომენდაციას დანიშნულების თაობაზე („დანიშნულებას სჭირდება კორექცია/დანიშნულებას არ სჭირდება კორექცია“. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულებას სჭირდება კორექცია, მითითებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმი, ხოლო მის გასწვრივ ჩაწერილ დანიშნულებაში კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის ნომერი/რიგითობა).
6. დავიწყო/გავაგრძელო თუ არა მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ მივმართე პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს დანიშნულების გადამოწმების მიზნით?
მიუხედავად იმისა, რომ მიმართეთ პოლიფარმაციის საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს დანიშნულების გადამოწმების მიზნით, თქვენ მაინც იწყებთ/აგრძელებთ ექიმის მიერ მოცემულ დანიშნულებას.7. როგორ მოვიქცე, თუ პოლიფარმაციის სამუშაო ჯგუფისგან მივიღე შეტყობინება დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ?
თუ შეტყობინებაში არის მითითება, რომ დანიშნულება საჭიროებს კორექტირებას, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ელექტრონული რეცეპტის სისტემით და განაცხადი გაკეთებული გაქვთ მისი მეშვეობით, თქვენს პირად გვერდზე, ექიმი იხილავს დანიშნულების კორექტირების შესახებ არსებულ ჩანაწერს. მატერიალური ფორმით გადაგზავნილი „დანიშნულების ფურცლის“ შემთხვევაში, ის ინფორმაციას იხილავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პაციენტისთვის გადაცემულ დოკუმენტში. თუ ექიმი ეთანხმება აღნიშნული განხილვის შედეგებს, იგი შეიტანს საჭირო შესწორებას დანიშნულებაში.8. როგორ მოვიქცეთ, თუ ექიმი არ დაეთანხმება პოლიფარმაციის ჯგუფის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებას დანიშნულების კორექტირების შესახებ?
იმ შემთხვევაში, თუ ექიმი არ ეთანხმება დანიშნულების განხილვის შედეგებს და მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დანიშნულების კორექტირებას, თქვენ უფლებამოსილი ხართ სთხოვოთ მას, მოგცეთ ახსნა-განმარტება დანიშნულების თაობაზე. ამავდროულად, დანიშნულების გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ ხელმეორედ მიმართოთ პოლიფარმაციის ჯგუფს.9. როგორ უნდა მივმართო პოლიფარმაციის ჯგუფს დანიშნულების გადამოწმების მიზნით მეორედ?
პოლიფარმაციის ჯგუფს მეორედაც მიმართავთ იმ ფორმით, როგორც პირველ შემთხვევაში: ელექტრონული რეცეპტის სისტემით (ელექტრონული დანიშნულების არსებობისას) ან წარმოადგენთ თქვენს დანიშნულებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში.10. რა ვადაში, სად და რა ფორმით ვიღებ პასუხს პოლიფარმაციის ჯგუფიდან განმეორებითი მიმართვის შემთხვევაში ?
განმეორებითი მიმართვის შემთხვევაში პასუხს იღებთ ელექტრონული რეცეპტის სისტემით ან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში, მომართვიდან (განაცხადის გაკეთებიდან/დანიშნულების გამოგზავნიდან) მომდევნო 3 სამუშაო დღის ვადაში, სტანდარტული ფორმატით („დანიშნულებას სჭირდება კორექცია/დანიშნულებას არ სჭირდება კორექცია“, ამასთან კორექტირების შემთხვევაშიც, ასევე, მითითებული იქნება კონკრეტული მიზეზი). იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულებას სჭირდება კორექტირება, შეტყობინებაში მითითებული იქნება, რომ აღნიშნულის შესახებ წერილი გაეგზავნება სამედიცინო დაწესებულებას/ექიმს.11. რა ვალდებულება უჩნდება ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის განმეორებითი მომართვის შემთხვევაში დანიშნულება სჭირდება კორექტირება?
დანიშნულების განმეორებითი კორექტირების საჭიროებისას, პოლიფარმაციის ჯგუფიდან შეტყობინება ეგზავნება ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი არ შეცვლის დანიშნულებას, ის ვალდებულია პოლიფარმაციის ჯგუფს გაუგზავნოს დასაბუთება აღნიშნულის თაობაზე. ამ დასაბუთებას განიხილავს პოლიფარმაციის ჯგუფი, შესაბამისი დარგობრივი ექსპერტის მონაწილეობით.12. რა სახის სანქციები გატარდება ექიმების მიმართ, რომლებიც არ გაითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინსიტროს რეკომენდაციას დანიშნულების ცვლილებაზე?
თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 5 შემთხვევა, მისი მონაცემები (სამუშაო ადგილის მითითებით) განთავსდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ სათანადო რეესტრში, ერთი წლის ვადით. - თუ კალენდარული წლის განმავლობაში ერთი და იგივე ექიმის მიმართ დაფიქსირდება დანიშნულების კორექტირების სულ მცირე 7 შემთხვევა, აღნიშნული ექიმის საკითხი განიხილება პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. განხილვის შედეგების გათვალისწინებით პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, დასვას პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საკითხი აღნიშნული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის განხილვის თაობაზე; - განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა პაციენტის მიერ გაგზავნილი დანიშნულებაში არის მნიშვნელოვანი ხარვეზი, პოლიფარმაციის ჯგუფის სამდივნოს კლინიკური ფარმაკოლოგების დასკვნის საფუძველზე, დასაშვებია, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნეს პოლიფარმაციის ჯგუფის ფორმატში. ამ შემთხვევაში პოლიფარმაციის ჯგუფი უფლებამოსილია, იშუამდგომლოს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.