დედაქალაქის მერია კიკვიძის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. მერიამ ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.სატენდერო პირობების თანახმად, 1-ელ აგვისტოს იწყება და 6 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 300 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, პროექტის ძირითადი მიზანია, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ხანში შესული ადამიანებისთვის.
ტერიტორიაზე დაგეგმილია, 3 საბავშვო და 2 სავარჯიშო ზონის; ამფითეატრის; ღია კაფეს, საპიკნიკე და დასასვენებელი ზონების; საგამოფენო სივრცისა და სამაგიდე თამაშებისთვის სპეციალური ზონის მოწყობა.
„პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ბილიკების გაყოლებაზე მოეწყოს სხვადასხვა სახეობის ზრდასრული ხე-მცენარეების ხეივნები და შიდა თარგებში დაირგოს მცენარეთა ბიო ჯგუფები. მოეწყოს დამატებითი ბილიკები და ძირითად ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; მოეწყოს განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან; პარკის მთელ ტერიტორიაზე განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები; პროექტირების ფარგლებში უნდა დამუშავდეს პარკის შესასვლელის არქიტექტურული კონცეფცია. საჭიროების შესაბამისად მოეწყოს სასმელი წყლის სოკოები.
შენარჩუნებული იქნას ცენტრალურ ნაწილში არსებული ე.წ სასმელი წყაროს კონცეფცია; პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში უნდა განთავსდეს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ფასიანი (მომსახურე პერსონალის გარეშე) ეკო/ბიო რეტერატი. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნას საველოსიპედე ბილიკის მოწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.