საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია შვებულებაშია.შესაბამისად, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტს, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაა, ვერ ესწრება. ოფიციალურ შეხვედრებზე მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი იქნება წარმოდგენილი.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 40 დღის წინ დაინიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში მინისტრი შვებულებაში უკვე მესამედ გავიდა. თავდაპირველად, მან შვებულება დანიშვნიდან მე-5 დღეს აიღო, 19 ივლისს ის მოსკოვში ოჯახის წევრების ჩამოსაყვანად წავიდა, ყოველ შემთხვევაში, ვიზიტის მთავარ მიზეზად უწყებაში სწორედ ეს დაასახელეს. მეორედ გიორგი ქობულია შვებულებაში 26 ივლისს გავიდა, სამინისტროში მაშინ თქვეს, რომ მინისტრი ისევ მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით.
გიორგი ქობულია არ ესწრება გერმანიის კანცლერის ისტორიული ვიზიტსაც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი ამჟამადაც შვებულებაშია. შესაბამისად, ამ ვიზიტისას ეკონომიკურ საკითხებს კანცლერი და მისი მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ჩერქეზიშვილთან განიხილავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზეც ანგელა მერკელს გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდება.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით დღეს ჩამოვიდა.