„ლეგომ“ „ბუგატი შირონის“ საკუთარი ვერსია დაამზადა, რომელიც დადის

ასაწყობი სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლეგომ“ ახალი შედევრი მოამზადა.

ამჯერად ჰიპერ ავტომობილ „ბუგატი შირონის“ ასლი, რომელიც მოქმედი ძრავითაც არის აღჭურვილი, მანათობელი ფარებითაც და მოძრავი სპოილერითაც. კომპანიის სპეციალისტებს „შირონის“ საკუთარი ვერსიის ასაწყობად, 13 ათასი სამუშაო საათი და მილიონზე მეტი დეტალი დასჭირდათ.

„ლეგო ტექნიკის“ გარდა, პროექტზე კომპანიის კლადნოს (ჩეხეთი) იმ ქარხნის სპეციალისტებიც მუშაობდნენ, რომელიც „ლეგოს“ მაღაზიებისთვის და „ლეგოლენდის“ პარკებისთვის, ინსტალაციების შექმნაზე არის ორიენტირებული. „ბუგატი შირონის“ ასლის დასამზადებლად, სამკუთხა დეტალები გამოიყენეს. რაც შეეხება ძრავს, მისი სახელია „ლეგო პაუერ ფუნქშენ“ და ის სულ რაღაც, 5.3 ცხენის ძალას და 93 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.

„ბუგატი შირონის“ ასაწყობ ვერსიას ჩქაროსნულ ტრეკზე ტესტებიც კი ჩაუტარდა, რა დროსაც, ცნობილმა ავტო მრბოლმა და „ბუგატის“ ტესტ პილოტმა ენდი უოლესმა, 20 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. უოლესი ამბობს, რომ 20 მეტრის დაშორებიდან „ლეგოს“ მოდელი ჩვეულებრივ „ბუგატი შირონს“ ჰგავს.