”თუ ევროპაში მიღებულია, რომ ჰაერის გამონაბოლქვი უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ ნორმას, მაშინ ამ ნორმის დაცვა ჩვენთვისაც აუცილებელი იქნება”
თითქმის ორი თვეა, რაც ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მოძველებული მანქანების იმპორტი აკრძალეს: აზერბაიჯანში მხოლოდ ისეთი ავტომობილების შეყვანაა დაშვებული, რომლებიც ეკოლოგიურ სტანდარტ -”ევრო 4”-ს აკმაყოფილებს და 2005 წლის შემდგომ არის გამოშვებული. ეს ძალიან დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ავტოდილერებისათვის, არამედ ეკონომიკისთვისაც, რადგან ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული ადგილი უჭირავს. ამას ისიც ემატება, რომ 27 ივნისი გვიახლოვდება - დღე, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი. ამ დღის მოახლოებასთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება კითხვები: ევროკავშირთან დაახლოება ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც ავტომატურად შემოვა ”ევრო 4”-ის სტანდარტი, როგორც ავტომობილებზე, ისე საწვავზე? ჩვენთანაც ხომ არ გახდება სავალდებულო ავტოპარკის განახლება?- ბუნებრივია, ეს კითხვები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ქვეყანაში, სადაც ავტოპარკის დიდი ნაწილი მოძველებულია. როგორც ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ამ სფეროში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.
ვანო მთვრალაშვილი:
ევროკავშირში გაერთიანება თავისთავად გულისხმობს, რომ არა მარტო საავტომობილო და საწვავის ინდუსტრიის სფეროში, არამედ ეკონომიკის სხვა სფეროებშიც ევროპული სტანდარტები უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ. ამიტომ, როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ავტომობილებისა და საწავავის ხარისხიც დღის წესრიგში დადგება. ჩემი აზრით, სასურველია ეტაპობრივად მოხერხდეს ჩვენი ნორმების დაახლოება ევროსტანდარტებთან. სხვათა შორის, ეს მთავრობის დადგენილებებშიც არის ჩადებული, ოღონდ ეს თანდათან უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე ჩვენ არავინ გვავალდებულებს სასწრაფოდ გადავიდეთ იმ სტანდარტებზე, რომლებიც ევროპაში მოქმედებს. მომავალში კი, ქვეყანა ვალდებული იქნება თანდათან, ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს. თუ ევროკავშირის წევრობა გვინდა, ეს უკვე გულისხმობს, რომ იქ არსებული ნორმები უნდა მივიღოთ.მოდით, დავსვათ ასეთი შეკითხვა: რამდენად არის საქართველო მზად, რომ ამ ტიპის რეგულაციები დააწესოს ქვეყანაში? არსებობს მომხმარებელთა ძალიან დიდი მასა, რომელიც სწორედ მოძველებული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს და მათ რას ვეუბნებით? რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა წინ წავა და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ავტოპარკის განახლებაც უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი მკაცრი რეგულაციები ჩვენს მოქალაქეებში საკმაოდ მწვავე რეაქციას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, მთავრობაც იძულებული გახდება გარკვეული შეზღუდვები დააწესოს ავტოტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციაზე. რაც უფრო ახალია ავტოპარკი, მით უფრო ნაკლებად აბინძურებს გარემოს, მაგრამ როგორც გითხარით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მოსახლეობის მატერიალურ შესაძლებლობებზე... ჩვენთან საკმაოდ რთული სოციალური ფონია, ქვეყანა საამისოდ მზად არ არის და ხელისუფლებაც ვერ წავა ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე. შეიძლება მხოლოდ წავახალისოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი - ეს იქნება საუკეთესო გზა, რომ ახალი ტრანსპორტიც შემოვიდეს და ხალხიც არ დაზარალდეს.
ამ მოსაზრებას იზიარებს, ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც: მთავარია, ქვეყნის შიდა კანონმდებლობა როგორ მოაწესრიგებს ტრანსპორტისა და საწავავის ხარისხს. ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა როგორ შეძლო?- ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ქვეყანას უზარამაზარი შემოსავალი აქვს. აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის ქვეყანაა და ჩვენ მას ვერ შევეჯიბრებით. ამ ქვეყნის მოსახლეობას აქვს შესაბამისი რესურსი და მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ საღი და ნორმალურია - მკაცრი რეგულაციები დააწესა და დაიწყო ავტოპარკის განახლება. ამიტომაც აკრძალეს იქ 2005 წელზე ადრე გამოშვებული მანქანების იმპორტი. როდესაც ქვეყანას აქვს საამისო რესურსი, ძალიან კარგია, თუ ავტოპარკს განაახლებს და ეკოლოგიურად არასასურველი მანქანების რაოდენობას შეამცირებს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში გარკვეული სიფრთხილეა საჭირო - ავტოპარკის განახლება თანდათან, უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. მომავალში შესაძლოა სახელმწიფომ შემოიღოს ისეთი ეკონომიკური სანქციები, რომ ადამიანს ძველი ავტომანქანის შენახვა უფრო ძვირი დაუჯდეს, შესაძლოა ეს როგორღაც დავუკავშიროთ დაზღვევის ხარჯებსაც.. იაპონიაში მაგალითად, ასეთი წესი აქვთ: რაც უფრო მეტი ასაკისაა მანქანა, მით უფრო მეტია მასზე დაზღვევის გადასახადი. ამიტომ, თვითონ მფლობელი ცდილობს, თავიდან მოიცილოს მოძველებული ავტომობილი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შეიძლება მანქანა ძველი იყოს, მაგრამ გარემოს არ ვნებდეს იმიტომ, რომ მოწესრიგებული იყოს.
ევროკავშირი ვერ დაგვავალდებულებს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გახდება იძულებული დასავლეთში მიღებული ნორმები და სტანდარტები დაიცვას. თუ ევროპაში მიღებულია, რომ ჰაერის გამონაბოლქვი უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ ნორმას, მაშინ ამ ნორმის დაცვა ჩვენთვისაც აუცილებელი იქნება. დასავლეთში არსებობს საწვავის სტანდარტებიც და აუცილებელია, რომ სწავავი სწორედ ამ სტანდარტებს შეეფერებოდეს. მე ვფიქრობ, რომ საწვავის ხარისხი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს და აქ იმავე ღონისძიებების ჩატარება მოგვიწევს, როგორიც ღვინის, ალკოჰოლური და მინერალური სასმელების სეგმენტში ჩატარდა. მუდმივმა მონიტორინგმა და მკაცრად დაწესებულმა სტანდარტებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენში მინერალური წყლებისა და სასმელების ხარისხი გაუმჯობესდა. მართალია, ამის გამო მინერალური წყლები გაძვირდა, მაგრამ ამჟამად უკვე მინიმალურ დონეზეა დასული უხარისხო პროდუქციის რაოდენობა. საწვავის ხარისხიც სწორედ ასე უნდა გაკონტროლდეს. მარეგულირებელი და ამკრძალავი ნორმები ყველა სფეროშია საჭირო, გამონაკლისი ამ მხრივ არც საავტომობილო ინდუსტრიაა.
ხათუნა ჩიგოგიძე
მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე : EURO-4 standard might be introduced in Georgia