გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტს მიმდინარე წლის ივლისიდან იკავებს. მანამდე კი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში მუშაობდა.
კერძოდ კი, კომპანიაში იკავებდა უფროსი პარტნიორის პოსტს McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას უწევდა კონსულტირებას.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ქობულია ფლობს, 55 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას დიდველში, რომლის 50% მას, 25%-25%-იანი წილები კი მის შვილებს ეკუთვნით; 3,5 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს მოსკოვში, რომლის 50%-50%-იან წილებს ის და მისი მეუღლე ფლობენ და რომელიც 2018 წელს 700 000 რუსულ რუბლად აქვს შეძენილი.
მის საკუთრებაშია ასევე: მოსკოვში 125,5 კვ. მეტრის ბინისა და 14,2 კვ. მეტრის ავტოფარეხის, (მათი 50%-იანი წილები ასევე მინისტრის მეუღლეს ეკუთვნის) სოფელ ბეთანიაში 259 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლისა და 1331 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილები.
გარდა ამისა, გიორგი ქობულია ფლობს 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ბეთანიაში; 275,62 საცხოვრებელ სახლსა და 1036 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს წყნეთში; 212,73 კვ. მეტრისა და 155,59 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 14,56 კვ. მეტრის, 21,06 კვ. მეტრისა და 14,04 კვადრატული მეტრის ფართობის ავტოსადგომებს.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები - „პორშე პანამერა ჯტს“, „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ და „მერსედესი E კუპე“.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ქობულია ფლობს „ჯორჯია კაპიტალის“ 600 ობლიგაციას, რომელიც 2018 წელს 592 620 დოლარად შეიძინა; „საქართველოს ბანკის“ 25 სტრუკტურირებულ ნოტას (ფასიანი ქაღალდის სახეობა) რომელიც 2017 წელს 250 000 ევროდ შეიძინა; „ნორზერნ ტრასტის“ 72 859 აქციას, რომელიც 2016 წელს 2 474 970 ევროდ აქვს ნაყიდი და 46 231 აქციას, რომელიც ასევე 2016 წელს შეიძინა 3 931 675 დოლარად.
მის საკუთრებაშია ასევე საქართველოს სალიზინგო კომპანიის 551 ობლიგაცია, რომელიც 2017 წელს 551 000 დოლარად შეიძინა; „ემ კვადრატის“ 60 ობლიგაცია, რომელიც 2016 წელს აქვს 60 000 დოლარად შეძენილი და „მაკკინზი და კომპანიის“ 643 აქცია.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ქობულიას - 580,226.05 დოლარი; 642,273.34 ევრო; 270,888.67 რუბლი; 204,041.26 გირვანქა სტერლინგი; 11,683.31 ლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 15 000 ევრო ჰქონდა.
გიორგი ქობულიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. დეკლარაციის შევსების მომენტში მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 21 016.42 ევრო; 41 000.48 დოლარი; 57,52 გირვანქა სტერლინგი; 92,34 ლარი და 6 125 რუბლი ჰქონდა.