რა ღონისძიებები იგეგმება და რა დაჯდება „თბილისობა 2018“

თბილისობის დღესასწაული მიმდინარე წელს 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება.

ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები და კონცერტებია დაგეგმილი.

ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით მერიამ გამარტივებული წესით შესყიდვა უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, განხილვის საბოლოო თარიღი 20 სექტემბერი; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი - 905 421 ლარია.

„თბილისობის დღესასწაულის პირველ დღეს (6 ოქტომბერი), სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დადგმული, ახალი ქართული მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ გაიმართება. მიუზიკლში მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები, მსახიობები და მოცეკვავეები მიიღებენ. მიუზიკლი ევროპის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე ჩატარდება.

რიყის პარკი ყვავილების ფესტივალს - "შემოდგომის დღესასწაული" უმასპინძლებს, რომელიც ულამაზესი ყვავილებით და შემოდგომის ნობათით განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის იქ მისულ სტუმრებს.

7 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი ნიკოლოზ მემანიშვილის დირიჟორობით, სოლო შემსრულებელები, მუსიკალური ანსამბლები და გუნდი მიიღებს, რეჟისორი კი დავით დოიაშვილი იქნება. თბილისის მერი, ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებს. გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.