პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ ექნება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის აღებას 1-ლი ნოემბრიდან ვეღარ შეძლებს.
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კი სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ამ დებულების საბოლოო ვერსია ჩამოყალიბდა , ხოლო მასში გაწერილი რეგულაციების ამოქმედების თარიღმა კომერციული ბანკებისთვის გადმოიწია და მისი თქმით, ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციულ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ.
დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.
„თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი,“-აღნიშნულია დოკუმენტში.