World Class Georgia თბილისში ახალი, სრულფორმატიანი პრემიუმ კლასის ფიტნესკლუბის პროექტს იწყებს

World Class-ის ისტორია 1983 წელს, სკანდინავიაში დაიწყო.დღეს, მსოფლიოში უკვე 86 კლუბი ფუნქციონირებს. საქართველოში ფიტნესკლუბს წარმოადგენს Georgian Fitness Group. პირველი კლუბისათვის კომპანიამ 3 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სულ მალე, თბილისში ამ ქსელის მეორე კლუბი გაიხსნება. საქართველოში ფიტნესინდუსტრიის ბაზრის ტენდენციებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე World Class Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი, ნინო ხუროძე საუბრობს.

-როგორ შეიქმნა World Class საქართველო?

-ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფიტნესკლუბები ყველა თანამედროვე ტიპის ქალაქის განუყოფელი ნაწილია. თბილისში პრემიუმ კლასის ფიტნესკლუბის გახსნის იდეა ბიზნესმენებს არჩილ გელოვანსა და ლევან კაჭარავას ეკუთვნით. პროექტზე დიდხანს ვმუშაობდით, კარგად შევისწავლეთ ბაზარი. კვლევებმა გვაჩვენა, რომ, ხარისხიანი მომსახურების მიღებაზე და პროფესიონალურ სერვისზე მოთხოვნა დიდი იყო. თბილისში არ არსებობდა პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ფიტნესკლუბი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ სეგმენტზე გვემუშავა და საერთაშორისო ბრენდი შემოგვეყვანა საქართველოში. ამ მხრივ World Class-ი გაიგივებულია მაღალ ხარისხთან და პროფესიონალიზმთან. კლუბის მწვრთნელების შესარჩევად World Class-ის სათაო ოფისის წარმომადგენლებმა კონკურსი ჩაატარეს თეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში. შემდეგ, საუკეთესოებმა 7-8 თვის მანძილზე გადამზადების კურსი გაიარეს და დღეისათვის, ინტერნაციონალური და მაღალპროფესიული მწვრთნელების გუნდი გვყავს. ამასთან ერთად ჩვენი კლუბის ყველა სერვისი პრემიალურია, დაწყებული ლოკაციიდან დასრულებული ფიტნესკაფეთი. ჩვენი კლუბიდან მთელს თბილისზე იშლება შესანიშნავი ხედი, რაც მომხმარებლებს განსაკუთრებულ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს.

- აპირებთ თუ არა ამ ბიზნესის გაფართოებასა და სხვა ფილიალების გახსნას?

- ჩვენი კომპანია 2 წლის წინ გამოვიდა ინიციატივით - ვაკეში, ახალ საჩოგბურთო კორტების მიმდებარედ, აგვეშენებინა სრულფორმატიანი კლუბი და გაუმჯობესებულიყო საჩოგბურთო კორტების კომპლექსი. ჩვენი სრული მზადყოფნის და გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიუხედავად, თანამშრომლობა ვერ შედგა. ორივე მხარე დაზარალდა, ერთის მხრივ ქვეყანას კორტების განვითარების კონცეფცია დაუსრულებელი დარჩა და საინვესტიციო პროექტიც ვერ განხორციელდა. ამ ეტაპზე ვარჩევთ ახალ ლოკაციას, პროექტს ხელახლა ვამუშავებთ, რათა ეხლა უკვე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვები მოვიპოვოთ. საინვესტიციო ჯგუფი მზად არის პროექტი 2020 წლამდე დაასრულოს. World Class ახალი კლუბი გაცილებით მრავალფეროვანი და მოცულობითი იქნება, საცურაო აუზითა და სპა-ცენტრით, სკვოშის კორტებით. ახალ კლუბში განსაკუთრებული ადგილი ექნება საბავშვო სპორტულ და გასართობ ზონას. World Class აქვს სპეციალიზირებული პროგრამები 14 თვის ასაკიდან ბავშვებისათვის. ეს ინოვაცია ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების და სიამაყის საფუძველია. ის ერთად მოიცავს სპორტულ ვარჯიშებს და საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს. 

(R)