თავდებობა ეს არის საკითხი, რომელიც ბევრი მოქალაქისთვის საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და რომელსაც ხშირად ძალიან გაუცნობიერებლადაც ვაწყდებით.საქმე ის არის, რომ როდესაც მომხმარებლები ვინმეს თავდებობას აპირებენ, ისე იღებენ გადაწყვეტილებას, ისე აწერენ ხელს ხელშეკრულებას, რომ არ ეცნობიან მის პირობებს, შესაბამისად, არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. არადა, პრობლემური სესხის შემთხვევაში, ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.
საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტები განგვიმარტავენ, რა არის თავდებობა, რა ვალდებულებას აკისრებს თავდებობის ხელშეკრულება თავმდებ პირს და რა ძირითად პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები.
რა არის თავდებობა?
თავდებობის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ ძირითადი მოვალისგან, არამედ მესამე პირის თავდებისგანაც. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც თავდები ძირითადი მოვალის ვალდებულებისთვის პასუხს აგებს.
რა სახის პასუხისმგებლობას კისრულობს თავდები?
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა იცნობს სოლიდარული თავდებობის და თავდებობის ისეთ სახეს, რომლის დროსაც ნაკისრი ვალდებულება სუბსიდიური ხასიათისაა. ზოგადი წესის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობა იცნობს თავდებობის ისეთ სახეს, როდესაც კრედიტორს, მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია მოსთხოვოს თავდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, როდესაც სრულად ამოწურავს შესაძლებლობას ძირითადი მოვალისაგან იძულების წესით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში თავდები კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კისრულობს ვალდებულებას, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრედიტორს არ აქვს უფლება თავდებისგან მოითხოვოს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თავის მხრივ, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
აღნიშნულის მიუხედავად, თუ თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადახდის ვადას გადააცილა და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ასეთ შემთხვევაში კრედიტორს შესაძლებლობა აქვს, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გატარების გარეშე თავდებს ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს და ამ გზით მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოახდინოს.
რა ფარგლებში აგებს პასუხს თავდები?
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა მასში იმ ზღვრული თანხის ოდენობა მიეთითოს, რომლის ფარგლებშიც თავდები ძირითადი მოვალის ვალდებულებისთვის აგებს პასუხს. შესაბამისად, თავდების პასუხისმგებლობა სწორედ თავდებობის დოკუმენტში (ე.ი თავდებობის ხელშეკრულებაში) მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე შემოიფარგლება.
შესაძლებელია თუ არა შემცირდეს თავდების პასუხისმგებლობა?
მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება თავდებობის გარდა შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს გირავნობით, იპოთეკით ან სხვა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებით, შესაბამისად თუ კი კრედიტორი რომელიმე ზემოთ მითითებულ უზრუნველყოფის საშუალებაზე უარს იტყვის, მაშინ თავდების პასუხისმგებლობაც შემცირდება იმ მოცულობით რა მოცულობითაც ძირითადი ვალდებულება უზრუნველყოფის საშუალებით იყო უზრუნველყოფილი.
რა შემთხვევაში კარგავს კრედიტორი მოთხოვნას თავდების მიმართ?
იმ შემთხვევაში თუ ძირითადი მოვალე გადააცილებს გადახდის ვადას, კრედიტორმა ამის შესახებ თავდებს უნდა აცნობოს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა აცნობოს მას ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეუსრულებლობა ზიანს გამოიწვევდა.
აქვს თუ არა თავდებს უფლება დაიბრუნოს მის მიერ ძირითადი მოვალის ნაცვლად გადახდილი თანხა?
თუ თავდები კრედიტორს დააკმაყოფილებს, მასზე ძირითადი მოვალის მიმართ კრედიტორის მოთხოვნა გადადის. იმ შემთხვევაში თუ თავდებობიდან გამომდინარე თავდები სრულად უზრუნველყოფს ძირითადი მოვალის ვალდებულების დაფარვას, კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ გადახდილი თანხის ნაწილში მასზე გადადის. შესაბამისად, თავდებს უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება მოვალის მიმართ თანხის დაკისრების გზით.