თბილისის მერიამ დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზნით გამარტივებული წესით შესყიდვა გამოაცხადა.სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, განხილვიის საბოლოო თარიღი25 ოქტომბერია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 100 000 ლარია.
ჩარჩო გეგმების არეალებად განისაზღვრა ტერიტორიები, რომელთაც ახასიათებთ საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, დეგრადირებული საბინაო ფონდი, მიწის რესურსების ქაოტური და არარაციონალური გამოყენება.
კერძოდ, საუბარია, ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მიკრორაიონების, გლდანის ტბის, ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე - ხილიანის ქუჩების, ორთაჭალის ბაღებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს და საჭიროა ტერიტორიების განვითარების ჩარჩოპირობების დაზუსტება.
„ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზანია დედაქალაქის თანმიმდევრული და დაგეგმილი განვითარება. ჩასატარებელი ღონისძიების ამოცანებია, საჯარო და კერძო ინტერსების დაბალანსებით, მოაწესრიგოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისეთი საკითხები როგორებიც არის: ტერიტორიების ეკოლოგიური ღირებულების შენარჩუნება, სარეკრეაციო პოტენციალის დაცვა-განვითარება, სატრანსპორტო მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაჯანსაღება, მუნიციპალური მიწის რესურსების გონივრული ათვისება და ა.შ. ასევე, ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების ერთგვაროვანი მიდგომების ფორმირება. შესაბამისი სამართლებრივი ძალის მინიჭების შემდეგ ჩარჩო გეგმები ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების საფუძველი და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ქმედითი ინსტრუმენტი იქნება,“- აღნიშნულია ტენდერში.
შეგახსენებთ, რომ აღიშნული ტერიტორიების ჩარჩო გეგმების შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის სექტემბერშიც გამოაცხადა. მაშინ ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მ/რ, გლდანის ტბისა და მათი მიმდებარე ტერიტორიებზე - 1.8 მლნ ლარიანი; ხოლო ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის, ორთაჭალის ბაღების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე 1.3 მლნ ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. ორივე მათგანში მონაწილეობა მხოლოდ 1-მა კომპანიამ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ მიიღო, თუმცა, ორივე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
სექტემბერში გამოცხადებულ ტენდერებს თან ახლდა ტექნიკური დავალებაც, სადაც თითოეულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები იყო განხილული.
„მათ შორის ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვს თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები რაც ასევე საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.
ვარკეთილის III მასივის ტერიტორია განაშენიანებულია ე.წ „ხრუშოვკის“ ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ავარიულია. საპროექტო არეალის საცხოვრებელი ფონდი საჭიროებს ფიზიკურ გაჯანსაღებას, და ამასთან, პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება.
ე.წ. აკადემქალაქი მოიცავს ტერიტორიას გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის. აკადემქალაქი საბჭოთა ქალაქთმშენებლობითი პროექტის პოსტ-საბჭოთა ქაოტური ტრანსფორმაციის და რადიკალური გამჭიდროვების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თბილისში. აკადემქალაქის ტერიტორიაზე პრაქტიკულად აღარაა სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები და სოციალური ინფრასტრუქტურა, რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ურბანულ გარემოზე. ტერიტორიის მიმართ დეველოპერების ინტერესი კვლავაც დიდია. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ არეალში საცხოვრებელი სიმჭიდროვე ორჯერ აღემატება ქალაქის საშუალო მაჩვენებელს, არსებული ავარიული ფონდის გათვალისწინებით, სიმჭიდროვის შემდგომი ზრდა კვლავაც დგას დღის წესრიგში.
ორთაჭალის ბაღების ტერიტორია დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს, სადაც ნაკვეთების უსისტემო ქაოტური რეგისტრაცია კვლავაც გრძელდება. ტერიტორია არ არის აღჭურვილი სათანადო საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურით, არ არის საბავშვო ბაღები და სკოლები და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები. ტერიტორია „მოწყვეტილია“ ქალაქის ერთიანი ურბანული ქსოვილისგან საქალაქო მნიშვნელობის მაგისტრალით და დამოუკიდებელი ერთეულის სახით არის წარმოდგენილი ქალაქის სტრუქტურის შიგნით.
დოლიძე-ხილიანის ტერიტორიის დიდი ნაწილი ისტორიულად ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან და ძირითადად ათვისებული იქნა დაბალ სართულიანი საკარმიდამო საცხოვრებელი სახლებით. უკვე 1960-იანი წლებიდან განხორციელებული მსხვილი ქალაქთმშენებლობითი პროექტების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღევანდელი კონფიგურაცია მიიღო დოლიძისა და ხილიანის ქუჩებმა. თუმცა არ მომხდარა არსებული ისტორიული განაშენიანების სრული ჩანაცვლება,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.