სამშენებლო კომპანია „m2 უძრავ ქონება" თბილისში, ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.ამ მიზნით განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიამ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგინა, რომელიც განხილვის პროცესშია.
საპროექტო ტერიტორია კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩებს შორის არსებულ, 15 913 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.
როგორც მერიის სამსახურში წარდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმვის მთავარი მიზანი და ამოცანა კომპანია „m2 უძრავ ქონებასა" და „ცენტრპოინტს“ შორის დადებული მემორანდუმია, რომელიც ცენტრპოინტის მიერ წამოწყებული გაჩერებული მშენებლობების დასრულებას და 4000 მდე ბინათმესაკუთრის დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.
„ეკუთვნოდა კომპანია „ცენტრპოინტს“. მან თბილისი და საქართველოს მასშტაბით ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დატოვა უამრავი ოჯახი კუთვნილი საცხოვრებელი ფართობის გარეშე და დაუსრულებელი მშენებლობების რამდენიმე კვარტალი თბილისის მასშტაბით. პრობლემის მოგვარების საკითხი საკუთარ თავზე აიღო კომპანია მ2-მა. m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც ცენტრ-პოინტი დაიქირავებს. სანაცვლოდ კი ცენტრ-პოინტი m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, კომპანია m2-ის მიერ მომზადებული წინადადების თანახმად, ტერიტორია გაყოფილი იქნება ორ სივრცედ - ერთი იქნება კეთილმოწყობილი სკვერი 3500 კვ/მ-მდე და მის გარშემო განაშენიანებული საცხოვრებელი უბანი; ხოლო მეორე სივრცე იქნება საზოგადოებრივი დანიშნულების, რომელიც კავშირში იქნება სკვერთან და მიმდებარე უბნის ქსელთან. მითითებული სივრცე იქნება პიაცას ტიპის მოედანი, სადაც განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, გასართობი და თავშეყრის ღია და დახურული სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და საზოგადოებრივი დანიშნულების მცირე ზომის ობიექტები, რაც ხელს შეუწყობს უბნის განვითარებას და მიმზიდველ გარემოს შექმნის ტურისტებისთვის.