გლეხები მოსავალთან ერთად ბინებსაც კარგავენ

”გლეხების უმრავლესობას 30 ათას ლარზე მეტი სესხი აქვს აღებული და თუ ვერ მოახერხებენ დაფარვას, გამოდის, რომ ბინის გაყიდვა და ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევთ”

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიამ კახეთის რამდენიმე რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. სეტყვისგან გამოწვეულმა ზარალმა გლეხების საკმაოდ დიდი ნაწილი ყვარლის, თელავისა და საგარეჯოს რაიონებში მოსავლის გარეშე დატოვა. ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში კი ის ფერმერები არიან, რომლებმაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამეურნეო სამუშაოებისთვის დაბალპროცენტიანი სესხი აიღეს. უმეტესობა, ბანკის ვალის გადახდას ვერ ახერხებს, რომლის მოცულობა 30 ათასი ლარია. ფერმერები შიშობენ, რომ მოსავალთან ერთად შესაძლოა, საცხოვრებელი ბინებიც დაკარგონ. გლეხების გასაჭირზე bpn-ს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, ირინა ფხოველიშვილმა უამბო:

,,2013-14 სამეურნეო წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში იმდენად ძლიერი გვალვა იყო, რომ მოსავლიანობა თითქმის არ არის. ეს განსაკუთრებით ეხება სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ნაწილობრივ, საგარეჯოს რაიონებს. ბოლო პერიოდში გურჯაანის, თელავისა და ყვარელის რაიონებში სეტყვის შედეგად გლეხებს სერიოზული ზარალი მიადგათ. სიღნაღის რაიონში გვალვის შედეგად ზოგ ნაკვეთში კომბაინის შეყვანასაც კი არ ჰქონდა აზრი, იმდენად არის დამშეული ხორბლის მარცვალი. ასევე სიღნაღის რაიონში, ე.წ. გუმბათის ტერიტორიაზე გვალვამ სერიოზულად დააზიანა რქაწითელის ჯიშის ვაზი”,- ამბობს ირინა ფხოველიშვილი.

როგორც ირინა ფხოველშვილმა გვიამბო, გაუსტუმრებელი ბანკის ვალების გარდა, კახელ გლეხებს პრობლემას გაზრდილი მიწის გადასახადებიც უქმნის:

,,რადგან ეს ყველაფერი გლეხებისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მოხდა, საბანკო ხელშეკრულებებში არ არის გათვალისწინებული ფორსმაჟორი და არც აგროდაზღვევა მუშაობს სათანადოდ ქვეყანაში, რჩება ერთადერთი გამოსავალი - მივმართოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რათა გვიშუამდგომლოს კომერციულ ბანკებთან, რომ როგორმე 1 სამეურნეო წლით გადაუვადონ გლეხებს კრედიტების დაფარვის პერიოდი. გლეხების უმრავლესობას 30 ათას ლარზე მეტი სესხი აქვს აღებული და თუ ვერ მოახერხებენ დაფარვას, გამოდის, რომ ბინის გაყიდვა და ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევთ”.

ამ პრობლემას ემატება კატასტროფულად გაზრდილი მიწის გადასახადი. სახნავ-სათესი მიწის ღირებულება 400 პროცენტით არის გაზრდილი, 500 პროცენტით კი საძოვრების ღირებულება. თუ 2010 წლის ბოლომდე სიღნაღის რაიონისთვის 1 ჰექტარი მიწის ფართობზე გადასახადი 25 ლარი იყო, 2011 წლიდან გადასახადი 86 ლარი გახდა, საძოვრების ფასმა კი 3-დან 16 ლარამდე მოიმატა. ამის გამო იმდენ ფერმერს დაუგროვდა სახელმწფო ვალი, რომ ვეღარ შეძლეს გადახდა და უცხოელებზე მიწის გაყიდვა ამჯობინეს საცხოვრებელი სახლების აუქციონზე გაყიდვას.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აგროდაზღვევის სისტემა არსებობს, bpn-მა გაარკვია, რომ კომერციული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო პაკეტში ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს კახეთში წყალდიდობებისაგან, რაჭასა და აჭარაში კი გვალვისგან დაზღვევას. ეს ხდება მაშინ, როდესაც კახეთში უწყლოობის პრობლემაა და წყალდიდობის შანსი თითქმის ნულია.

შეგახსენებთ, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი” 2013 წლის 27 მარტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

როგორც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ გვაცნობა, ამჟამად სამინისტრო კახეთის რეგიონში ზარალს ითვლის, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად ეცდებიან გადაწყვეტილება გლეხების სასარგებლოდ მიიღონ. ამ დროისთვის დაზარალებული გლეხებისა და ზარალის საერთო ოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

სალომე შიხაშვილი