ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2018 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 554,816,917 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 603,386,884 ლარი იყო.
ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 261,928,375 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 449,414,846 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 55,107,465 ლარი შეადგინა.
მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც მე-3 კვარტლის მონაცემებით, 183,474,275 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 413,523,893 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა 3,466,090 გადაიხადა.
წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ლიბერთი ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 36,203,697 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ვითიბი ბანკი“ და „ბაზისბანკი“ იკავებენ. შესაბამისად, მათმა წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, 27,586,481 და 23,436,238 ლარი შეადგინა.
„ბაზისბანკს“ მცირედით ჩამორჩება „პროკრედიტ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 22,187,851 ლარი შეადგინა, სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავებული და მცირეა.
2018 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.