შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს“ გენერალური დირექტორი შეეცვალა. ცვლილება მეწარმეთა რეესტრში უკვე აისახა.
კერძოდ, რეესტრის 5 ნოემბრის ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე გახდა, რომელიც დღემდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. კომპანიაში სპეციალური მმართველად კვლავ რჩება გიგლა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში „ყაზტრანსგაზ თბილისს“ მფლობელიც შეეცვალა. კერძოდ, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“ გახდა. ამასთან, გასულ თვეში მფლობელის ცვლილების შემდეგ კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკოლოზ ჭიაურელი დაინიშნა, რომელსაც 2017 წლის მაისის ჩათვლით "კავკასუს ონლაინის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა. ცნობისთვის, კომპანია WALTBAY LTD-მ, საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს “სი ბი ეს ჯგუფის” ნაწილს წარმოადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია მამუკა კობახიძის ქონებრივი მდგომარეობა. 2018 წლის 27 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა კობახიძის შემოსავალი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის პოსტზე 2017 წლის 21 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 13 333,33 ლარი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, კობახიძე ფლობს 44, 33 კვადრატული მეტრისა და 100,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში მასვე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 533,72 ლარი, 10 177,7 დოლარი, 9 003,09 ლარი, 600,2 დოლარი და 38 ლარი ჰქონდა.
კობახიძე „სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორობამდე შპს ,,ყაზტრანსგაზ- თბილისის" მმართველად და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის'' დირექტორად მუშაობდა, სადაც შესაბამისად, 167 377,38 ლარისა და 166 988,1 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამასთან, მისმა გასავალმა წინა წელს ქველმოქმედების სახით - 6000 ლარი შეადგინა.
მამუკა კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს - TOYOTA CHR, რომელიც 2017 წელს 55 000 ლარად შეიძინა. მასვე საბანკო ანგარიშებზე - 14 096,14 ლარი, 5500 დოლარი და 1772 ლარი ჰქონდა. დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძის მეუღლე იყო ასევე შპს GONG-ის 30%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც მისმა შემოსავალმა 35 583,4 ლარი შეადგინა. თამარ ეპიტაშვილი სს „საქრუსენერგოში“ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს, სადაც მისი შემოსავალი 2017 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 31 დეკემბრის პერიოდში, 15 652,78 ლარი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის შვილებს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 4 345,73 ევრო და 4 346,16 ევრო ჰქონდათ.