საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა.
მათ შორის ერთ-ერთია თეიმურაზ კოხრეიძე, რომელიც „პეტროკასის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო, თუმცა, არა საქართველოში რეგისტრირებულის. როგორც თავად კოხრეიძე აღნიშნავდა, ის იყო იმ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთშია და საქართველოში ქართული „პეტროკას ენერჯი ჯგუფი“ ჰყავს რეგისტრირებული.
„პეტროკას ენერჯი ლიმიტედი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და მას საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელებს აწვდის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს დეპუტატი. მის მიერ 2017 წლის 18 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, თუ რა შემოსავალი აქვს მიღებული კოხრეიძეს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტობისას. მაგრამ როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, 2016 წელს მისმა შემოსავალმა „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ კონსულტანტად მუშაობისას - 59 091,25 ლარი; ხოლო „არგოტრანს ჯორჯიაში“ კონსულტანობის პერიოდში - 68 660,69 ლარი შეადგინა. ამასთან, პარლამენტის წევრობისას 2016 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში დეპუტატმა 6 937,55 ლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება მის ქონებრივ მდგომარეობას, დეპუტატი ფლობს 67,6 კვადრატული მეტრი ფართობის, 67,6 კვ. მეტრისა და 150 კვ. მეტრი ფართობის სამ ბინას თბილისში; ასევე 12 და 14 კვადრატული მეტრის ორ ავტოფარეხს.
გარდა ამისა, თეიმურაზ კოხრეიძეს ეკუთვნის Oshil int.corp.-ს 10 000 აქცია, რომელიც 2016 წელს 10 000 დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კოხრეიძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 1 440 919,39 დოლარი; 23 105,38 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 140 000 დოლარი და 30 000 ლარი ჰქონდა.
ამასთან, როგორც 2017 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატის წლიურმა გასავალმა შეწირულობის სახით, 55 000 ლარი შეადგინა.