რატომ "ხტუნაობს" ლარი: ბანკირების შურისძიება, პოლიტიკური რყევები თუ ეროვნული ბანკის 90-იანი წლების მეთოდები
ბოლო ერთ კვირაში ლარის კურსმა ორი მკვეთრი ნახტომი გააკეთა - ჯერ გაუფასურებისკენ და 4 დღეში 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,72-დან 2,76 ლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი გამყარებისკენ, როცა გაცვლითი კურსი 2,75-დან 1 დღეში ჩამოვიდა 2,71-მდე. ეროვნული ვალუტის ასეთი რყევები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგანიც გახდა - ოპოზიციამ ხელისუფლების უუნარობას, ამ უკანასკნელმა კი ოპოზიციის განცხადებებს დააბრალა. ის ხალხი კი, ვისაც ვალდებულებები დოლარში აქვს, ლარის გაუფასურებით მიყენებულ ზარალს ითვლიდა და შიშით შეჰყურებდა რეკორდულ ნიშნულს მიღწეულ საწვავის ფასებს, რაც, როგორც წესი, თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების გაძვირების მიზეზი ხდება ხოლმე...
ლარი და პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას ოპონენტების განცხადებებს უკავშირებს. "დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია წარმართავს. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იცის, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობისა და არც საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია, რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი", - ამბობს ივანე მაჭავარიანი.
ირაკლი ბერძენაძე, ფინანსისტი: "არ ვიზიარებ ვერსიას, რომ ლარის რყევაზე პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებს და ეს არის მისი გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. საქართველო არ არის აშშ, სადაც საფინანსო ბაზარი მაღალ დონეზეა და მყისიერად რეაგირებს მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებზე. ახლა ხშირად ახსენებენ 2007 წლის 7 ნოემბერს, დაძაბულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ლარი კი 7 ნოემბრამდე და მას შემდეგაც 1,62-იან ნიშნულთან რჩებოდა. აგვისტოს ომის დროსაც კი ლარი დოლარის მიმართ 1,40-1,41-იან კურსს არ გასცდენია. სტაბილური იყო ლარი 2012 წლის არჩევნების დროსაც, არადა, მაშინ ხელისუფლება შეიცვალა. შესაბამისად, ისმის კითხვა, რა სჭირს ლარს ახლა?
მიმაჩნია, რომ ყველაზე ფუნდამენტური ვერსია, რომელიც ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის შესაძლოა დასახელდეს, არის ის, რომ დოლარი არ არის ეკონომიკაში. ეს შესაძლოა აიხსნას ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების სიმცირით.
ლარი ახლა მაქსიმალურად არის გაშვებული მიმოქცევაში და ნაკლებად არის დოლარი, ამიტომაც მივიღეთ ძვირი ვალუტა. ეკონომიკას დოლარი უნდა მიაწოდოს ან ინვესტიციებმა, ან ტურიზმმა, ახლა კი აქტიური ტურისტული სეზონიც არ არის.
ჩვენს ქვეყანას თურქეთს ადარებენ და ლარის გაუფასურებას ლირის გაუფასურებასაც აბრალებენ. მათ მინდა შევახსენო, რომ ბოლო დროს, როცა ლარის კურსი დოლართან ასე მკვეთრად დაეცა, ლირა დოლარის მიმართ მყარდება. გარდა ამისა, როცა დოლარი ძვირდება, თურქეთში, ჩვენგან განსხვავებით, სამომხმარებლო ფასები არ იზრდება, რადგან მათ წარმოება და ეკონომიკა განვითარებული აქვთ, ჩვენთან კი ძვირდება ყველაფერი, საწვავითა და პირველადი მოხმარების საგნებით დაწყებული.
ამგვარ ფონზე, როცა ქვეყანაში დოლარის ნაკლებობაა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებზე ზრუნავს და მიწოდების ნაცვლად, პირიქით, ბაზარს დოლარს აცლის. პარასკევს სებ-მა კიდევ 10 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც ცუდი ნაბიჯია და ნიშნავს, რომ მან მიმოქცევაში კიდევ 27 მილიონი ლარი გაუშვა. გასაგებია, რომ სებ-ს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები სთხოვენ, რომ სავალუტო რეზერვები განსაზღვრულ ნიშნულზე ჰქონდეს და შეივსოს ის 59 მილიონი, რომელიც რეზერვებიდან წლეულს გახარჯა, მაგრამ ეროვნული ბანკის ფუნქცია მხოლოდ რეზერვებზე ზრუნვა ხომ არ არის? ამ უწყებას არაფერი აინტერესებს, რაც ვალუტის კურსს უკავშირდება. მას აქვს ერთადერთი არგუმენტი, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულზე უჭირავს, რაც არასწორია, რადგან ინფლაციას 90-იანი წლების დროინდელი მეთოდებით იჭერს, რაც დღეს აღარ მუშაობს. სებ-ი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ინფლაციასა და სავალუტო კურსს შორის კავშირი დიდია. ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა და უკვე დღეს ბაზარზე სამომხმარებლო ფასები დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი. რატომ არ აისახა ეს მონაცემი ოფიციალურ ინფლაციაში? თუ ეროვნული ბანკი ამის შემდეგაც იტყვის, რომ სამომხმარებლო ფასებზე ლარის კურსის ცვლილება არ აისახა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სოციალიზმში ჩარჩენილი უწყება".
"თუ 20 მილიონი გაქვს, ლარის კურსს შეცვლი"
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ვერსიით, ლარის გაუფასურება ბანკირების შურისძიების შედეგია. "ვფიქრობ, თუ არ მოხდა ყველა იმ პროცესის საფუძვლიანი შესწავლა, რომელიც ქვეყანაში ბანკების მეშვეობით მიმდინარეობს, ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ბანკებია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა. ოკუპანტებზე ვსაუბრობთ და ყველაზე დიდი ოკუპანტები ჩვენს ქვეყანაში ბანკირები არიან. კვირიკაშვილის დროს ბანკირები სასათბურე პირობებში იყვნენ, მათ აბსოლუტურად ყველაფერი მიიღეს და როგორც კი გაცხადდა, რომ მათ რამით შეზღუდავდნენ, შური იძიეს და არჩევნებზე აჩვენეს ეს. ხელისუფლებამ უნდა მოუხმოს გონებას და შესაბამისი პასუხი გასცეს ბანკირებს არჩევნების შემდეგ", - ამბობს დეპუტატი.
ბანკების მხრიდან შესაძლო სავალუტო სპეკულაციებს არც ფინანსისტები გამორიცხავენ და მათ ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ მხოლოდ ბოლო 9 თვეში ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 162 მილიონი ლარი მოიგეს.
ირაკლი ბერძენაძე: "ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოში კურსზე გავლენა სულ რაღაც 20 მილიონი ლარით შეგიძლია მოახდინო. ეს თანხა თუ გაქვს, შეგიძლია ლარის გაცვლითი კურსი დაადგინო, შეცვალო. ხანმოკლე სპეკულაციებს ბანკები შეიძლება ეწევიან კიდეც, მაგრამ ლარის ხანგრძლივი გაუფასურება მათ არ აწყობთ, რადგან რაც უფრო იზრდება სხვაობა ლარსა და დოლარს შორის, მით უფრო მცირდება დოლარში აღებული სესხების გადახდისუნარიანობა. და კიდევ, თუ ფუნდამენტური საკითხები ქვეყანაში მოგვარებულია, ბანკებიც ვერ მოახდენენ ლარის კურსზე გავლენას. "ბლუმბერგი" თავისუფალი სავაჭრო პლატფორმაა, სადაც საქართველოდან სულ 5 ორგანიზაცია ვაჭრობს და მათ შორის 3 ბანკია. მათ აქვთ Yყველაზე დიდი ფული და ყიდიან და ყიდულობენ დოლარს, რამაც შესაძლოა ზოგჯერ სპეკულაციური რყევებიც გამოიწვიოს. სახელმწიფო ამ ვაჭრობაში ვერ ჩაერევა, მან ეკონომიკა უნდა გააძლიეროს და საჭიროების შემთხვევაში ლართან ერთად დოლარიც მიაწოდოს, უნდა იზრუნოს ინვესტიციების შემოსვლაზე, ბიზნესის განვითარებაზე, მისთვის სამართლიანი გარემოს შექმნაზე.
ის, რაც სავალუტო ბაზარზე პარასკევს მოხდა, როცა ეროვნული ბანკის კურსი 2,75 იყო, ხოლო სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2,70-2,71 ლარად იყიდებოდა, ძალიან ჰგავდა ხელოვნურ ჩარევას, მაგრამ არა ბანკებისგან. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ახალ რედაქციაში ლარის გაცვლითი კურსი უკვე 2,7-იან ნიშნულზე დააფიქსირეს. ამით ყველაფერი ნათქვამია - ხელისუფლება ელის, რომ ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ამ დიაპაზონში იქნება და ამას უნდა შევეჩვიოთ".
რატომ არ "მკურნალობს" მოლოდინებს ეროვნული ბანკი?
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ისე ეროვნულ ბანკთან. პროფესორ ლადო პაპავას თქმით, სებ-ის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა შეცდომაა, თუმცა ეროვნული ბანკის პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.აკაკი ცომაია, ეკონომისტი: "რა თქმა უნდა, ლარის მყისიერ ვარდნას იმას ვერ დავაბრალებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადო ნაბიჯები არ გადადგა, მაგრამ მას შეუძლია მოლოდინების მართვა, რასაც არ აკეთებს. ეროვნულ ბანკს ხანგრძლივ პერიოდში შეუძლია წარმართოს მოლოდინების "მკურნალობის" პროცესი. შემუშავებულია მექანიზმი, რომელმაც თანდათანობით უნდა იმოქმედოს საზოგადოების მოლოდინებზე ისე, რომ არ არსებობდეს დღეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, თითქოს არჩევნები ან სეზონურობა აუფასურებს ლარს. სებ-მა ასეთი სტერეოტიპები უნდა გააქარწყლოს, არადა, პირიქით იქცევა, არასოდეს არაფერს ამბობს, არც მოქმედებს, და თუ რამეს ამბობს, ეს საზოგადოებისთვის გაუგებარია. ეროვნული ბანკის მენეჯმენტი გამართული არ არის, სტრატეგიასა და პრიორიტეტებშიც არა აქვს განსაზღვრული, რომ მართოს მოკლევადიანი რყევები. არადა, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც სავალუტო კრიზისების მიმართ საზოგადოება მეტად მგრძნობიარეა, არ შეიძლება ეროვნული ბანკის მიზანი მხოლოდ ინფლაციის ტარგეტირება იყოს. სავალუტო ინტერვენციებიც, რომლის განუხორციელებლობასაც ხშირად საყვედურობენ ეროვნულ ბანკს, ამ მოლოდინების მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ლარმა დაიწყო გაუფასურება და მყისიერად დაიწყოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ხარჯვა, განსაკუთრებით კი არჩევნების პერიოდში, რაც უფრო გაამძაფრებს უარყოფით მოლოდინებს. ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რომელსაც ეროვნული ბანკი არ იყენებს. თუნდაც ფულის მიწოდების საკითხში შეუძლია პოლიტიკა შეცვალოს და ძველ რეჟიმზე გადავიდეს, როცა თავად კი არ ადგენდა ბანკებისთვის გაცემული რეფინანსირების სესხების განაკვეთს, არამედ გამოიტანოს ფულის განსაზღვრული რაოდენობა, სარგებლის განაკვეთი დადგინდეს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და რასაც არ იყიდიან ბანკები, ეროვნულ ბანკში დაბრუნდეს. ახლა კი, როცა ლარი უფასურდება, კომერციულ ბანკებში ბიზნესის ლარზე მოთხოვნა იზრდება, რადგან მეტი ლარი სჭირდებათ დოლარის შესაძენად. თავის მხრივ, კომერციული ბანკები მიმართავენ ეროვნულ ბანკს და რეფინანსირების სესხებს იღებენ, ეს კი მოლოდინების მოთოკვას უშლის ხელს. როცა ლარი მოლოდინების გამო ზედმეტად უფასურდება, შემდეგ კვლავ უნდა გამყარდეს, მაგრამ რეფინანსირების სესხების ამგვარი გაცემა ხელს უშლის ლარის ძველი წონასწორობის აღდგენას.
რაც შეეხება მთავრობას, ის სულ სხვა პოლუსზეა და ფისკალურ პოლიტიკას წარმართავს. მისი მთავარი იარაღი სახელმწიფო შესყიდვებია. როცა სახელმწიფო შესყიდვები იზრდება, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, სახელმწიფო შესყიდვების რა წილი მოდის უცხოურ საქონელსა და მომსახურებაზე. თუ წილი ძალიან დიდია, ბუნებრივია ამ ოდენობის ვალუტა გაედინება ქვეყნიდან. სამწუხაროა, რომ არ არსებობს ამ მონაცემების სრულყოფილი მონიტორინგი. სავარაუდოდ, ბოლო წლებში გაიზარდა იმპორტში სახელმწიფო შესყიდვების მოცულობა, რადგან ბევრი უცხოური კომპანია იგებს ტენდერებს. არ გამოვრიცხავ, რომ მათ უკან ქართული კომპანიები დგანან, მათ უკან კი დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ ყველაფერში პირად სარგებელს ეძებენ. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფო დაკვეთის შესრულების ხარისხზე, მაგრამ დღეს რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან დიდი ფული კონვერტირდება და ქვეყნიდან გადის, ფაქტია".
წყარო: „კვირის პალიტრა"
ემა ტუხიაშვილი