კონკურენციის სააგენტო თავმჯდომარის პოსტზე ნოდარ ხადურის შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 70 800 ლარი შეადგინა.
ეს ინფორმაცია მის მიერ, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
დეკლარაციის მიხედვით, ხადური ფლობს, 110 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Nissan Tiida.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 3 556. 53 ლარი; 1 351.26 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 13 000 ლარი და 5 000 დოლარი ჰქონდა.
ამასთან, გარდა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეობისა, ხადურის შემოსავალმა წინა წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას 24 658,72 ლარი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კი 2017 წლის 1-ლი აპრილიდან 31 ივლისის განმავლობაში მიწვეულ პროფესორად ყოფნის პერიოდში 2 500 ლარი შეადგინა.
ნოდარ ხადურს ჰყავს მამა, მეუღლე და ორი შვილი. მისი მამა ფლობს ოთხ მიწის ნაკვეთსა და 100 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს გორში. ხადურის მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს TOYOTA C-HR-ს, რომელიც 2017 წელს 56 460 ლარად არის შეძენილი. ამასთან, მისმა შემოსავალმა გასული წელს „ლიბერთი ბანკში“ სპეციალისტად მუშაობისას 20 721,43 ლარი შეადგინა.