ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულებაა ადამიანი. 600 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივები მიმართულია ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი მთავარი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვართ სოციალური სახელმწიფო, რომლის უმთავრესი საზრუნავი არის ადამიანის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან საქართველოში მოხერხდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგება. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის წყალობითაც ასიათასობით ჩვენმა თანამოქალქემ შეინარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ის, რასაც ჩვენი ოპონენტები შავ ხვრელს უწოდებენ, სინამდვილეში ადამიანების გადარჩენილ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში გამოიხატება. ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დახმარების ბიუჯეტი, მოხერხდა ჩვენი ათასობით დევნილი თანამოქალაქის უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებლით. ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა მთავრობის კიდევ ორი ინიციატივა, რომლის თაობაზეც გასული დღეების განმავლობაში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო 50 ლარიანი დახმარების დანიშვნა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისთვის და მეორე ეს იყო სოციალური დახმარების შენარჩუნება მოქალაქეებისთვის მათი დასაქმების შემთხვევაშიც. აღნიშნული ინიციატივები მიმართულია ერთი მხრივ, ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და მეორე მხრივ, მათი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისკენ. 600 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. ეს არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.