ბოლო პერიოდში, მოქალაქეებს რიგ მიკროავტობუსებში უკანა სავარძლებიდან, ერთი ამოღებული ხვდებათ.
ამის მიზეზად კი სპეციალისტები ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებს ასახელებენ. როგორც ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, აუცილებელია, რომ ნებისმიერ ავტობუსს ორი ავარიული გასასვლელი ჰქონდეს. „სწორედ ამიტომ მოხდა სავარძლის ამოღება“, - განაცხადა იორდანიშვილმა.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე ურბანული ლაბორატორიაც ეხმიანება. მათ პოსტს, „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მიკროავტობუსებში უკანა სავარძლის ამოღება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ახალი მოთხოვნით არის განპირობებული – კერძოდ, მიკროავტობუსში გათვალისწინებული უნდა იქნას უკანა კარიდან საევაკუაციო გასასვლელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, სავარძლის ამოღება მძღოლების ინიციატივა არ ყოფილა, მისი ოპერატიული და ეფექტიანი შესრულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არსებული რეგულაციების შესრულება დამოკიდებულია არა იმდენად მათ ეფექტიანი აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმებზე, არამედ თავად მიკროავტობუსების მძღოლების კეთილ ნებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნა დაემთხვა მძღოლების ინტერესს – რაც მეტი ფეხზე დაყენებული მგზავრის გადაყვანაში მდგომარეობს.
ამავე დროს, უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის ხელშემწყობი ის მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება მძღოლების და კომპანიის ფინანსურ ინტერესებს, სამწუხაროდ, იგნორირებული რჩება – მაგალითად, კონდიციონერის ჩართვა ზაფხულში, ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის დაუშვებლობა და ავტომობილების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. იმედს ვიქონიებთ, შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ადმინისტრაცია ამ მოთხოვნებსაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება, როგორც უკანა სავარძლის დემონტაჟის მოთხოვნას,“- წერია ფეისბუქ-გვერდზე.