2017 წლის 50 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის, 8 აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული კომპანია მოხვდა. ამ რვა კომპანიიდან სამი კი წინა წლის ტოპ-10 კომპანიის რიგებშიც არის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა უკვე 6 წელზე მეტია „დროიში გაიჭედა“. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და გასულ წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საინტერესოა ისიც, რომ მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა გადამხდელთა ერთობლივი შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მითითებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, არც სათამაშო ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შესახებ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი. ასევე არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა თანხა წააგო მოსახლეობამ შარშან აზარტულ თამაშებში.
თუმცა „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია - ცალკეული, აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა შემოსავლები, მოგება და მოქალაქეებისგან მიღებული თანხები. საინტერესოა, რომ ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი 50 კომპანიის ჩამონათვალში მყოფი 8 აზარტული კომპანიიდან ფინანსური ანგარიშგება ორს აქვს გამოქვეყნებული. ეს ორი კომპანიაა: შპს „ს გემბლინგ ჰოლი“ (აჭარაბეთი) და შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ (ბეთლაივი).
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ორივე კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის - აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის.
ცალკეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლები რომ ვნახოთ, 2017 წელს „ს გემბლინგ ჰოლის“ (აჭარაბეთი) საერთო მოგება - 38 042 668 ლარი იყო. აქედან, 38 611 134 ლარი კი დადებული ფსონებიდან მიღებულმა ამონაგებმა შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ 6 842 696 ლარი; ხოლო მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა - 111 894 ლარი შეადგინა. რაც შეეხება აქტივებს, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 13 844 783 ლარის აქტივები იყო.
ცნობისთვის, შპს “ს გემბლინგ ჰოლი” 2015 წლის 9 ივლისს არის რეგისტრირებული და ჰყავს 2 დამფუძნებელი - თენგიზ ფერაძე და თეიმურაზ უგულავა, რომლებიც კომპანიის 50%-50%-იან წილებს ფლობენ. კომპანიის ძირითად საქმიანობას სხვადასხვა აზარტული თამაშობების ორგანიზება (სლოტი, ტოტალიზატორი, სათამშო აპარატები) წარმოადგენს და მასში დაახლოებით, 700-მდე თანამშრომელია დასაქმებული.
რაც შეეხება, „დეიდრიმ უნივერსალ საქართველოს“ (ბეთლაივი), ის 2011 წლის 19 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დამფუძნებლები არიან შპს „ნერფლადა გრუპ“ და სულიკო ვარსემაშვილი, რომლებიც 50-50%-იან წილებს ფლობენ. კომპანიის საქმიანობას კი წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი, რომელშიც გაერთიანებულია ტოტალიზატორი, სლოტ-აპარატები და სხვა წამახალისებელი გათამაშებების მოწყობა.
კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლების მიხედვით, „დეიდრიმ უნივერსალ საქართველოს“ (ბეთლაივი) მთლიანი შემოსავლები 8 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ 2017 წელს მისი საოპერაციო შემოსავალი - 278 406 452 ლარი იყო, 2016 წელს ის 270 715 759.21 ლარს შეადგენდა. წინა წლის განმავლობაში, კომპანიის შემოსავლების, ძირითად ნაწილს - 277 719 962 ლარს სათამაშო აპარატებიდან და ტოტალიზატორიდან; ხოლო 635 076 ლარს ბარებიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა. ანგარიშგებაში მოთამაშეებზე გაცემული მოგებებიც არის ასახული, რომელმაც გასულ წელს 255 371 088.40 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კომპანიის მოგებას, დაბეგვრამდე მოგება - 4 137 720.10 ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას წინა წელს მოგების გადასახადი არ აქვს გადახდილი. ამასთან, კომპანია 11 006 636.53 ლარის აქტივებს ფლობდა.