10 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში (+ინფოგრაფიკა)

2018 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 12.2%-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სულ აქტიური მოსახლეობის რაოდენობა - 1 948.4 ათასი კაცი იყო, საიდანაც 237.4 ათასი - უმუშევარი; 1 711.0 ათასი დასაქმებული; 834.5 ათასი - თვითდასაქმებული; 875.7 ათასი - დაქირავებული იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელია საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიები. გამომდინარე იქიდან, რომ „საქსტატი“ არ გასცემს ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანი ყავს დასაქმებული თითოეულ საწარმოს, სტატისტიკის სამსახურმა მხოლოდ კომპანიათა ჩამონათვალი მოგვაწოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სია რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

საინტერესოა, რომ გასული წლის ტოპ-10 მსხვილ დამსაქმებელ კომპანიას შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები ლიდერობს და ათეულში ოთხი სწორედ ასეთი კომპანია მოხვდა. კერძოდ, ესენია: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“; სს „საქართველოს რკინიგზა“; შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

ათეულში მოხვდა ასევე ორი „ბიჯეო ჯგუფის“ (შემდგომში „ბიჯეო“) შვილობილი კომპანია - სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“, რომელიც საავადმყოფოების საქმიანობითაა დაკავებული და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომლის საქმიანობაც წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილებაა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანიების გარდა, „ბიჯეო“ სხვა კომპანიებს, მათ შორის „საქართველოს ბანკსაც“ ფლობდა, თუმცა, 2017 წლის ზაფხულში საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეომ“ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ 2018 წლის 30 აპრილს დამტკიცდა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ.

„ევექსის“ გარდა ათეულში კიდევ ერთი სამედიცინო საქმიანობით დაკავებული კომპანია - შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ მოხვდა. რაც შეეხება სხვა მსხვილ დამსაქმებლებს, ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, შპს „ავერსი-ფარმა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

„საქსტატის“ შემდეგ, თითოეულ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის გადამოწმებას „ბიზნესპრესნიუსი“ ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზეც შეეცადა, თუმცა დოკუმენტაციაში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მითითებული არ არის.

საინტერესოა ისიც, რომ ზემოთჩამოთვლილი 10 საწარმოდან, ანგარიშგება ხუთ კომპანიას აქვს გამოქვეყნებული. როგორც ანგარიშგებებიდან ირკვევა, ამ ხუთიდან ერთი - საზოგადოებრივი დაინტერესების პირი; ოთხი კომპანია კი 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

ინფოგრაფიკა: ნინი ქეთელაური

თაია არდოტელი