2018 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნომებერთან შედარებით, სასტუმროების ფასები მხოლოდ სამ რეგიონში, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა. მათ შორის აჭარაში ყველაზე მეტად - 21.8%-ით.
რაც შეეხება შემცირებას, მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-14.7%) და კახეთში (-13.6%) შემცირდა. ხოლო თბილისში - 8.9%-ით.
საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (40.1%) და სამცხე-ჯავახეთში (20.6%) გაიზარდა. თბილისში კი 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 10.8%-ით შემცირდა.
ამასთან, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, 3.7%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში (-17.6%) და ქვემო ქართლში (-13.4%) შემცირდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება სასტუმროების საშუალო ფასებს, 2018 წლის ნოემბერში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასმა 120 ლარი შეადგინა, 4-ვარსკლავიანის - 221 ლარი, 5-ვარსკვლავიანის - 489 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის - 63 ლარი.
3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში - 163 ლარი დაფიქსირდა. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ნოემბერში 221 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი კახეთში - 277 ლარი დაფიქსირდა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ნოემბერში 489 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 608 ლარი შეადგინა, აჭარაში - 474 ლარი, კახეთში - 368 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 365 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ნოემბერში 63 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში - 110 ლარი დაფიქსირდა.
რაც შეეხება მიმდინარე თვის გასულ თვესთან შედარებას, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 11.2%-ით შემცირდა.
როგორც სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად თბილისში (-13.1%), კახეთში (-12.5%) და შიდა ქართლში (-12.5%) შემცირდა. საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ნოემბერში, ოქტომბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 11.7%-ით შემცირდა.
ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად თბილისში და ქვემო ქართლში შემცირდა. 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში არ დაფიქსირდა. საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 7.1%-ით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში და შიდა ქართლში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ფასები არც ერთ რეგიონში არ გაზრდილა. თბილისში კი აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 4.4% შეადგინა.