დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 130 000-მა ერთეულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აქედან 90 000 ერთეული მიჩნეულ იქნა ვარგისად, ხოლო 40 000 მიიჩნეულ იქნა უვარგისად, - ამის შესახებ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ამ მონაცემების მიხედვით, დახარვეზებული ავტომობილების დახლოებით 30% განმეორებით ინსპექტირებაზე არ მისულა.
„საკმაოდ დიდი ციფრია, დაახლოებით 12 000 ერთეული ავტოსატრანპორტო საშუალება არ მისულა განმეორებით ინსპექტირებაზე. ცხადია, ისინი როდესაც მოძრაობენ გზაზე გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ უსაფრთხოების მიმართულებით",- განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მძღოლი, რომელიც ტექდათვალირების ცენტრს 1 თვის განმავლობაში მეორედ ეწვევა, მისთვის მომსახურება უფასოა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით სულ 40 ინსპექტირების ცენტრია, რომელიც 46 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. თბილისში კი 29 ინსპექტირების ხაზია განთავსებული. იორდანაშვილის ინფორმაციით, ამ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, ტექინსპექტირების ცენტრი კიდევ დაემატოს.
ვაჟა იორდანაშვილის განცხადებით, ტექინსპექტირებისას დახარვეზების ძირითადი მიზეზებია: სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობა, გამონაბოლქვი, საჭის მართვის სისტემა, ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები.
„განსაკუთრებული ყურადღება ბოლო პერიოდში ექცევა მაგალითად, საქარე მინას, რომელზეც დაუშვებელია ბზარები და ლაქები, ასევე საბურავების მწყობრში ყოფნა, უსაფრთხოების ღვედები, რომელიც, როგორც წინ, ასევე უკან მსხდომი მგზავრებისთვის გამართული უნდა იყოს. ეს ძირითადი პარამეტრებია, რაზეც მოწმდება მანქანა",-განაცხადა იორდანაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ტექდათვალიერებისას კორუფციის მექანიზმი მინიმუმამდეა დაყვანილი.
„როდესაც რეფორმა დაიწყო, მნიშვნელოვანი იყო პროცესის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და კორუფციული რისკების შემცირება. ამ მიზნით რეგლამენტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც არის მაგალითად, გამზომი ხელსაწყოების მიღება. გარდა ამისა მთლიანად პროცესი მიმდინარეობს 24- საათიანი ჩანაწერით, რომელიც 14 თვე ინახება. ეს გარკვეულწილად არის იმის პრევენცია, რომ კორუფციული რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი", - განაცხადა იორდანაშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება.