„თეგეტა მოტორსის“ სოციალური პროექტ #არგამბოლოს სარეკლამო კამპანია, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურს „Meliora 2018“-ის გამარჯვებულია. ინფორმაციას თეგეტა მოტორსი ავრცელებს.
სარეკლამო კამპანიაზე „თეგეტა მოტორსის“ დაკვეთით სარეკლამო კომპანია „Holmes&Watson”-მა იმუშავა და შეიქმნა კამპანია - „ხველების ენა“, რომლის მიზანი გახლდათ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა გარემოს დაბინძურების მიმართულებით.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში.
„ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი, რომლის გამონაბოლქვი შეადგენს ჰაერის დაბინძურების 70%-ზე მეტს. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, ამიტომაც აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს ჯანმრთელობას. რასაკვირველია 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ავტოტრანსპორტის გარეშე, თუმცა შეგვიძლია შევაჩეროთ ეკოლოგიური კატასტროფა, თუ ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტს გამოვიყენებთ.
„თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანია #არგამბოლოს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობდა უფასოდ შეემოწმებინათ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე, თუ შედეგი დაკმაყოფილებდა ეკო სტანდარტს მათ გადაეცემოდათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი, ასევე კომპანია გადასცემდა ხის ნერგს ბუნებაზე ზრუნვის გამოსახატად და სიმბოლურ სერთიფიკატს, როგორც გარემოზე მზრუნველ მძღოლს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილი ვერ გაივლიდა კონტროლს, მათ მფლობელებს გადაეცემოდათ მწვანე ვაუჩერი, სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ გამონაბოლქვის სისტემის შეკეთება.
„საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს დაახლოებით 200 მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევებს წარმოადგენენ ნახშირჟანგის, ტყვიის, ქლორის, ბრომის, ფოსფორის შემცველი პროდუქტები. ნახშირჟანგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. გამონაბოლქვი ასევე შეიცავს კარცეროგენს, რომელიც სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს და შემდგომში შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა, ასევე გამონაბოლქვი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე თეგეტა მოტორსი როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს“, - ნათქვამია განცხადებაში.