სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 13 ნოემბრის მდგომარეობით ანგარიშგება 491 სუბიექტს ჰქონდა წარდგენილი.
„ბიზნესპრსნიუსი“ კომუნიკაციების სექტორში მოქმედი ლიდერი კომპანიების - „მაგთის“, „სილქნეტის“, “ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ ფინანსურ მაჩვენებლებს გაეცნო. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, „სილქნეტი“ საზოგადოებრივი დაინტერესების პირს წარმოადგენს; ხოლო დანარჩენი სამი კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.
რაც შეეხება ცალკეული კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „ბილაინის“ (შპს ვიონი საქართველო) აქტივები 200 361 000 ლარს; მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები - 105 551 000 ლარს; ხოლო სულ 2017 წელს მიღებული საოპერაციო შემოსავალი - 116 957 000 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, შპს „ვიონი საქართველო“ ყოფილი კომპანია „მობიტელი" 2003 წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის აქციონერები არიან: Watertrail Industries Ltd (BVI) - 51%, Investico Alliance Ltd (BVI) - 29% და Miren Ltd (BVI) 20%. საბოლოო ჯამში, „ვიონი საქართველოს“ მართავს შპს „ვიონი“, ყოფილი შპს „ვიმპელკომი“, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
„მაგთიკომის“ შემოსავალი კი წინა წელს 404 661 000 ლარი იყო. ამასთან, კომპანია 899 589 000 ლარის აქტივებს ფლობს. გარდა ამისა, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანიის მიერ საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფულადი ნაკადები მოგების გადასახადის გადახდამდე 209 677 000 ლარს შეადგენდა. ფინანსურ ანგარიშგებაში „მაგთიკომის“ შემოსავლები ჩაშლილადაც არის მითითებული. კერძოდ, წლიურმა შემოსავალმა - სატელეფონო მომსახურებებიდან 209 784 000 ლარი; ინტერნეტის მიწოდებიდან - 77 309 000 ლარი; სატელიტური ტელევიზიიდან - 18 732 000 ლარი; ინტერნეტ ტელევიზიიდან (IPTV) – 18 099 000 ლარი; როუმინგიდან - 9 034 000 ლარი; უკაბელო ინტერნეტის მიწოდებიდან კი 1 757 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მესაკუთრებს, „მაგთიკომი“-ს მფლობელები ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიები არიან. ესენია - International Telcell Cellular, რომელიც „მაგთის“ 51%-ს ფლობს და Telcell Wireless, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია.
ბაზრის კიდევ ორ ძირითად მოთამაშეს რაც შეეხება, როგორც ცნობილია მიმდინარე წლის გაზაფხულზე „სილქნეტი“ 153 მლნ აშშ დოლარის საფასურად „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. თუმცა, მანამდე 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „სილქნეტი“ 256 864 000 ლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; მისი წლიური შემოსავალი კი 172 543 000 ლარი იყო. ამასთან, აბონენტებისგან მიღებული ფულადი სახსრების სახით კომპანიამ წინა წელს 173 349 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი 1 214 000 ლარი შეადგინა. კერძოდ, კომპანიის შემოსავალი ინტერნეტ მომსახურებიდან - 88 840 000 ლარი; ინტერნეტ ტელევიზიიდან - 29 685 000 ლარი; ხოლო ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებიდან - 25 868 000 ლარი იყო.
რაც შეეხება „ჯეოსელს“; გასული წლის ანგარიშგების თანახმად, კომპანია 165 317 000 დოლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; წლიური საოპერაციო შემოსავალი - 12 994 000 დოლარს; წლის მოგება/ზარალი კი 9 508 000 დოლარი იყო.
ცნობისთვის, სს „სილქნეტი“ 2009 წლის 2 აპრილს დარეგისტრირდა. 2010 წლის დეკემბრიდან „სილქნეტის“ აქციათა 100% მესაკუთრეს წარმოადგენს მალტაში რეგისტრირებული კომპანია Rhinestream Holdings Limited. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან: გიორგი რამიშვილი - 61.9%, ალექსი თოფურია - 28.58% და დავიდ ბორგერი - 9.52%.