ახალი წლის დადგომამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, ბევრმა ჩვენგანმა უკვე დაიწყო ფიქრი, თუ სად და როგორ უნდა შეხვდეს 2019 წელს.
„ბიზნესპრესნიუსი“ თბილისისა და რეგიონებში (არასაკურორტო ზონებში) მდებარე სასტუმროების ფასებით, გეგმებითა და შემოთავაზებებით დაინტერესდა.
გამოკითხულ სასტუმროებს უკვე დაგეგმილი აქვთ სადღესასწაულო პროგრამები და არც სტუმრების ნაკლებობას უჩივიან.
31 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლებს. ახალი წლის შეხვედრა შესაძლებელი იქნება სასტუმროს დიდ დარბაზში, სადაც სასტუმრო წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს მფლობელ ჯაზ ბენდს New York Voices. ბილეთში შედის კონცერტი და საახალწლო სუფრა. რაც შეეხება ფასს, ერთ ადამიანს 450 ლარის გადახდა მოუწევს.
„ბილტმორ თბილისის“ Xeme ბარის ბილეთის ფასია 300 ლარი, ფასში შედის კონცერტი, ალკოჰოლური სასმელები და წასახემსებლები. Xeme რესტორნის ღონისძიება კი 250 ლარი ღირს. ფასში 3 კერძისგან შემდგარი მენიუ შედის.
როგორც სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ განაცხადეს, საახალწლო ღონისძიებაზე სტუმრები იქნებიან როგორც უცხოელები, ასევე ადგილობრივები. მათი თქმით, სტუმრებს ელოდებიან როგორც მეზობელი, ასევე ევროპის ქვეყნებიდან.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს ნომრის ფასს, როგორც სასტუმროში განაცხადეს, ახალ წელს საახალწლო პროგრამასთან ერთად ნომრის აღების შემთხვევაში, 2 ადამიანს 660 დოლარის გადახდა მოუწევს.
კახეთში მდებარე „ლოპოტა სპა რეზორტს“ ახალი წლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. „ლოპოტას” საახალწლო პროგრამა 2 ღამეს მოიცავს. რაც შეეხება ფასს, ორი ღამის ფასი ორ ადამიანზე 31 დეკემბერსა და 1 იანვარს 650 დოლარის ექვივალენტია ლარში. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“„ლოპოტა სპა რეზორტში“ განუცხადეს, ახალ წელს სტუმრებს ელოდებიან, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. 31 დეკემბრის ღამეს ნინო ქათამაძის კონცერტის ბირმინგჰემის გოსპელ გუნდის საახალწლო პროგრამა იქნება, ხოლო მეორე ღამეს ელენე კალანდაძე და DJ იქნება წარმოდგენილი.
ახალ წელს თავისი პროგრამით ხვდება ბათუმის „შერატონი“, სადაც მხოლოდ გალა ვახშამზე დასწრება ერთი ადამიანისთვის 140 ლარი ღირს. რაც შეეხება 31 დეკემბერს სასტუმროს ფასს, როგორც booking-ზეა მითითებული, ორ ადამიანზე ფასი 246 ლარს შეადგენს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ განუცხადეს, ახალი წლის ღამისთვის ნომრების ნაწილი უკვე დაჯავშნილია. სტუმრებს შორის არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, მაგრამ როგორც სასტუმროში განაცხადეს, ქართველები ჭარბობენ. რაც შეეხება ფასს, სასტუმროში განთავსება და გალა ვახშამი ორ ადამიანზე 549 ლარი ღირს.
„ამბასადორი კაჭრეთი“ ახალ წელს გრანდიოზული პროგრამით ხვდება. სტუმრები ახალ წელს სტეფანესთან და სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად შეხვდებიან. გარდა ამისა, გათამაშდება პრიზებიც.
საახალწლო პაკეტი ორღამიანია, რაშიც შედის გალა ვახშამი და კვება. მისი ღირებულება ორი ადამიანისთვის 550 დოლარია.
ახალი წლის დადგომამდე 2 კვირით ადრე „ამბასადორ კაჭრეთში“ ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.