გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება.
კერძოდ, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 1 254.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს. მიმდინარე წლის 11 თვეში, საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 120.1 მლნ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 105.1 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი 45.2 მლნ დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს სპირტიანი სასმელები და ცენტრიფუგები იკავებენ, შესაბამისად, 19 მლნ და 13.5 მლნ დოლარით. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.
კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოში რუსეთიდან 187.2 მლნ დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 89.5 მლნ დოლარი შეადგინა; მას კი 35.6 მლნ დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს ; ხოლო რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს მზესუმზირის ზეთი და სატელეფონო აპარატები ინაწილებენ, შესაბამისად, 30.2 მლნ და 27.4 დოლარით.
ინფოგრაფიკა: სოფო მინაშვილი