32%-იანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსის“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და დაახლოებით, 32%-იანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.

როგორც ცნობილია, სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი.

კერძოდ, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 22 629 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 366 150 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 217 906 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან - 46 317 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 96 894 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 368 632 000 ლარის აქტივებს.

შპს „ავერსი-ფარმა“ დაარსდა 1999 წლის 14 მაისს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. შპს „ავერსი-ფარმა“-ს შვილობილი კომპანიების მთავარი საქმიანობა კი სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მოიცავს.

ცნობისთვის, შპს „ავერსი ფარმას“ ანგარიშგებაში შემდეგი შვილობილი კომპანიების მონაცემებია შეტანილი - შპს „ავერსი კლინიკა“, შპს „კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“, შპს „მედ-ალფა“, შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა“ და შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“. ყველა ამ კომპანიაში „ავერსი ფარმა“ 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში მოხვდა - შპს „მედკაპიტალი“ და შპს „ბრუფარმი-ჯორჯია“, სადაც „ავერსი“ 50-50%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება შპს „პსპ ფარმა ჯგუფს“, ის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. ანგარიშგების თანახმად, გასული წლის ბოლოს, კომპანია 290 986 000 ლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; ამასთან, მისი წლიური ამონაგები 477 265 000 ლარი; საოპერაციო მოგება 34 240 000 ლარი; ხოლო მოგება დაბეგვრამდე 33 097 000 ლარი იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, „პსპ ფარმა ჯგუფის“ შემოსავალმა საცალო რეალიზაციიდან - 322 761 000 ლარი; საბითუმოდან - 119 092 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 34 466 000 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა; ხოლო, შვილობილი კომპანიების სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. კომპანია წარმოადგენს ჯგუფის დედა კომპანიას და ფინანსურ ანგარიშგებაში იკონსოლიდირებს შემდეგ შვილობილ კომპანიებს - შპს „ნიუ ჰოსპიტალს“; შპს „თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ და შპს „მედკაპიტალს“, რომლის 50%-საც ფლობს.

„ჯიპისის“ შემოსავალმა კი წინა წელს, ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვებიდან - 450 315 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული, რაც - 340 315 000 ლარი იყო. შესაბამისად გამოდის რომ, ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 110 მლნ ლარს ანუ 32%-ს შეადგენს. ამასთან, კომპანიის საერთო მოგება - 37 319 000 ლარი, დაბეგვრამდე მოგება კი - 37 384 000 ლარი იყო.

ცნობისთვის, „ჯიპისი“ ბაზარზე სს „გეფას“ სახელით ოპერირებს. „ჯიპისიმ“ სახელი „გეფად“ 2017 წლის 2 თებერვალს გადაირქვა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მაისს განხორციელდა სს „გეფასა“ და სს „ეიბისი ფარმაციას“ (ფარმადეპო) შერწყმა, რის შედეგადაც „გეფა“ „ეიბისის“ სამართალმემკვიდრე გახდა. სს „გეფას“ აქციონერებს რაც შეეხება, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 67%-იან წილს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“; 28%-ს - ენრიკო ბერიძე; ხოლო 5%-ს მიხეილ აბრამიძე ფლობდა. თავის მხრივ, „გეფას“ მშობელ კომპანიას „ჯანდაცვის ჯგუფს“ ფლობდა „ბიჯეო ჯგუფი“, შესაბამისად, „გეფას“ საბოლოო მშობელი კომპანია 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სწორედ „ბიჯეოა“.

თაია არდოტელი