რა დაგიჯდებათ ახალი წლის ტრადიციული ქართული სუფრა?

ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტების შეძენას უკავშირდება.

ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ წელს შეძლებისდაგვარად ბარაქიანი სუფრით შეხვდეს. საახალწლო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის, საცივის, ყველის ასორტის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია.

რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? - ამის გარკვევას „ბიზნესპრესნიუსი" თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში შეეცადა. აღმოჩნდა, რომ საფასო პოლიტიკა უცვლელია და წლევანდელი ფასები შარშანდელს ემთხვევა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ წელს ოჯახს ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრა მინიმუმ 300-350 ლარი დაუჯდება.

საახალწლო კერძის მთავარი შემადგენელის - ინდაურის ფასი 80 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ღირს. მაშინ, როდესაც წინა წელს ინდაურის ფასი 70 ლარიდან იწყებოდა.

გამყიდველთა თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ფასები კიდევ უფრო აიწევს. ნიგოზის ფასი მინიმუმ 16 ლარიდან იწყება და 35 ლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება თაფლს, მისი ფასი ბაზარში 15-დან 40 ლარებში მერყეობს.

ერთი კილოგრამი გაყინული ქათმის ფასი თბილისის ბაზრებში 5-6 ლარი ღირს, ხოლო ცოცხალი 7-8 ლარია. რაც შეეხება თევზეულს, ფასები აქაც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. გაყინული თევზის ფასი ძირითადად 7-13 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი სახეობა უფრო ძვირიც ღირდეს. „ცოცხალი“ თევზის ფასი 12 ლარიდან 35 ლარამდე ადის.

ინდაურის მსგავსად, ბაზარში გოჭიც გაძვირდა, რომლის ფასი 15-17 ლარია. საშუალოდ 7-8 კილოგრამიანი გოჭის საყიდლად მინიმუმ 105 ლარის გადახდა მოგიწევთ.

რაც შეეხება საქონლისა და ღორის ხორცს, აქაც ფასები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელი ნაჭრის ყიდვა გსურთ. საქონლის ხორცი 15-20 ლარის ფარგლებშია. რაც შეეხება ღორის ხორცს, ბაზარში 10-13 ლარში მერყეობს. ბაზარში ჩურჩხელას ყიდვა 1.5-დან 3-ლარამდეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ხილის ფასს, 70 თეთრიდან იწყება. მანდარინის შეძენა 1 ლარიდან არის შესაძლებელი. ფორთოხლის ფასი 2 ლარიდან იწყება. კივი კი 2-3 ლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება შოკოლადს, ბაზარში მისი ფასი პროდუქციის ასორტიმენტის ანალოგიურად მრავალფეროვანია. ერთი კილოგრამის ფასი 5 ლარიდან იწყება და 30 ლარამდეც ადის.

ლიკა ამირაშვილი
წინასაახალწლოდ „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს
ღონისძიებები, რომელიც თბილისში საახალწლო პროგრამის ფარგლებში გაიმართება
ეგვიპტე და ჩეხეთი - კიდევ რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შესახვედრად