თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 318 მიმდინარე, 246 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც ქალაქის ცენტრში ავტოსერვისების გაუქმებას გულისხმობს.
„გთხოვთ დიდუბეში ვახუშტის და ქუთასის ქუჩაზე არსებულ ავტოსერვისები გააუქმოთ, ვინაიდან შეუძლებელია ქუჩაში გავლა, ტროტუარებზე შეუძლებელია თავისუფალი გადაადგილება, დგას საშინელი მომწავლელი სუნი და მიწა გაჟღენთილია მავნე ნივთიერებებით, რომელიც საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამ ქუჩაზე მდებარეობს სკოლაც. გთხოვთ შეისწავლოთ ეს ტერიტორია და მოახდინოთ რეაგირება. აიკრძალოს ამ ტერიტორიაზე ავტო სერვისები და იმ ფართებზე რომელზეც განთავსებულია ეს მომსახურე ობიექტები, მოხდეს გამწვანება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე არის ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო საცხოვრებლად,“-აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 2019 წლის 8 თებერვლამდეა შესაძლებელი.