მსესხებლებისთვის ვალების გასანულებლად „ლიბერთი ბანკის“ მიერ „ქართუ“ ფონდისთვის გადაცემული მოთხოვნის ჯამური ოდენობა შესაძლოა, ბანკის სააქციო კაპიტალის 10%-ს აღემატებოდეს.
ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
„პროექტის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტი თვლის, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის შედეგად ბანკის მიერ ფონდისთვის გადაცემული მოთხოვნის ჯამური ოდენობა შესაძლოა, აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 10%-ს,“-აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც „ლიბერთი ბანკის“ 2018 წლის მე-3 კვარტლის ანგარიშგებაშია აღნიშნული, ბანკის სააქციო კაპიტალი 261,712,429 ლარია. შესაბამისად, ამის 10% - 26,171,249.9 ლარი გამოდის. შედეგად გამოდის, რომ „ლიბერთი ბანკი“ საკუთარ მსესხებლებს სწორედ ამ ოდენობის მოცულობის სესხებს გაუნულებს.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - vali.ge 28 არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციისა და 11 კომერციული ბანკის მონაცემებია ატვირთული. ამასთან, ამ დროისთვის ვებგვერდზე 604,797 მსესხებლის 1,302,750 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია ატვირთული. ჯამური დავალიანების თანხა კი 3,933,145,876 ლარია.