უვიზო რეჟიმის შემოღების დღიდან, ანუ 2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის/შენგენის ზონაში 335 000-ზე მეტმა მოქალაქემ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა - ასეთია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.
შს სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის აგვისტო-ნოემბერში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა "ლიდერობენ":
გერმანია - 152 დეპორტირებული; ავსტრია - 74 დეპორტირებული; საფრანგეთი - 70 დეპორტირებული; ბელგია - 23 დეპორტირებული; შვედეთი - 20 დეპორტირებული და ა.შ.
ამავე პერიოდში, ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა - სულ 158 უარი შესვლაზე. შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის ჯამური მაჩვენებელი 603-ს შეადგენს. ქართველებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა: კვიპროსმა (69), გერმანიამ (69), საფრანგეთმა (68), საბერძნეთმა და ესპანეთმა (44-44 უარი) და ა.შ.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს ნდობა გამოუცხადა და სავიზო რეჟიმი გაუუქმა, ათასობით მოქალაქემ საოცნებო ადგილებში ჩასვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოახერხა, ახალი კონტაქტები დაამყარა, ახლობლები მოინახულა თუ საქმიანი ვიზიტები განახორციელა, თუმცა, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ქვეყანა გარკვეული გამოწვევების წინაშეც დადგა.
დავინტერესდით, რა ხარვეზები გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის პერიოდში და ამ საკითხზე სასაუბროდ საგარეო უწყებას მივმართეთ.
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი/რეგულაცია მიიღო. სავიზო რეჟიმის შემოღებიდან მეცხრე თვეს - 2017 წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი პროცედურული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნებს ასრულებს.
ამავროულად, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან გაიზარდა, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა გერმანიასა და საფრანგეთს. იტალიური მედია კი საქართველოს მიერ ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებზეც იუწყებოდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. მან ქართულ მხარეს ორგანიზებულ კრიმინალთან ერთობლივი ძალებით ბრძოლა შესთავაზა.
ამასთან, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 18 აპრილს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას გულისხმობდა.
აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს არგუმენტი ასეთია: „ხშირად მოქალაქე, რომელსაც აკრძალული ჰქონდა შენგენის ზონაში შესვლა, მიღებული ჰქონდა უარი ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებში იყო მხილებული, გვარის შეცვლის შემდგომ ისევ ცდილობდა შენგენის ზონაში შესვლას, დარჩენას და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. ინიცირებული ცვლილებების შედეგად, მსგავსი შემთხვევები მკვეთრად შემცირდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.