კომპანია Cushman & Wakefield-მა და RDG ჯგუფმა, "საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიასთან" ერთად დაასრულა „სოფლის სასტუმროების“ ქსელის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა.
კონცეფცია გულისხმობს საქართველოში ე.წ. სოფლის სასტუმროების ქსელის განვითარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობის ადგილობრივ ტრადიციებზეა დაფუძნებული. სასტუმროების მართვის მსგავსი კონცეფცია უკვე წლებია მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე. ეს არატრადიციული სასტუმროს მართვის მოდელი თავიდან ბოლომდე ადგილობრივი შინაარსის მატარებელია. „შემუშავდა საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე მორგებული ე.წ “მინი კლასტერის” მოდელი: ერთი “სოფლის სასტუმრო” შედგება მთავარი სასტუმროსგან და პატარა ისტორიული ოდა სახლებისგან, რომლებიც მდებარეობენ მთავარი სასტუმროდან ახლოს.
საქართველო, როგორც ახალი, ეგზოტიკური ტურისტული მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და იზრდება ინტერესი საქართველოს კუთხეების, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების მიმართ. შემუშავებული „სოფლის სასტუმროების“ მოდელი საშუალებას მისცემს ქვეყნის დასათვარიელებლად ჩამოსულ ტურისტს, სრულად შეიგრძნოს ადგილობრივი ცხოვრება ტრადიციულ გარემოში - იცხოვროს ტიპიურ ქართულ სახლში (რაჭის შემთხვევაში ოდაში), იაროს წინასწარ დაგეგმილ აქტივობებზე ადგილობრივების სახლებსა თუ მეურნეობებში და გაეცნოს სოფლის მეურნეობის ტრადიციებსა და გასტრონომიულ კულტურებს, ადგილობრივი გიდების თანხლებით დაათვალიეროს და გაეცნოს ისტორიულ მემკვიდრეობას.
კონცეფციის პირველ ლოკაციად შეირჩა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, კერძოდ კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სადაც უამრავი უნიკალური რაჭული ოდა გვხვდება. კონცეფციის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე საწარმოების ამოქმედებას, მაცხოვრებლები მომსახურების პროცესში ჩაერთვებიან, უნიკალური კოლხური ოდა - სახლები კი გადარჩება განადგურებას. იგეგმება ანალოგიური კონცეფციის პროექტების დამუშავება საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც,“-აღნიშნულია Cushman & Wakefield-ის ინფორმაციაში.