ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის გამართლდა.
საუბარია, 2011 წელს ბიზნესმენისთვის წარდგენილ ბრალდებაზე, რომლითაც გამოძიება მას თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თუმცა, პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ უზრუნველყოფდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც შესაძლებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ტექნო ბუმისა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე დააკავეს და საპატიმროში 2 წლამდე გაატარა.
გათავისუფლებულმა ბიზნესმენმა ციხეში ყოფნის პერიოდზე, მის საქმეზე და საკუთარ ბიზნესისტორიაზე 2016 წელს „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „ბიზნესპერსონა ისაუბრა“.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
- ბევრისთვის ალბათ აღმოჩენა იქნება ის, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულ რაღაც 20 დოლარით დაიწყო. რა იყო ეს პირველი მცდელობა?
- ჩემი ისტორია არაფრით განსხვავდება წარმატებული თუ ნახევრად წარმატებული სხვა ადამიანის ისტორიისგან. ალბათ ყველა ასე იწყებს, თუ მემკვიდრეობით არ ერგო ან ლატარიაში არ მოიგო. მე არც გაჭირვებულ, არც მდიდარ ოჯახში გავზრდილვარ. საშუალო დონის ოჯახში გავიზარდე, ყოველ შემთხვევაში არსებობის პრობლემა არ გვქონია, თუმცა არც ზედმეტი გვქონდა. მამა ადრე გარდამეცვალა, ამიტომ იძულებული ვიყავი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. 5 დედმამიშვილი ვიყავით, სამი და მყავდა, მე უფროსი ბიჭი ვიყავი, აქედან მოდიოდა პასუხისმგებლობის გრძნობა: 9 წლის უკვე უფროსი კაცი ვიყავი. შუალედური პერიოდი არ მქონია. 9 წლიდან, შინაგანად, უცბად გავხდი 20 წლის. სკოლის დროს ბიზნესის მიმართ ბუნებრივი განწყობა მქონდა. თუმცა ტერმინები - მარკეტინგი, მენეჯმენტი არ ვიცოდი.
- რა საქმე დაიწყეთ 20 დოლარით?
- ჩამოვაყალიბეთ პატარა ფირმა. ჯიხური გავაკეთეთ, სადაც სავალუტო ოპერაციები იყო, მერე კასეტების გაყიდვები დავიწყეთ. სხვადასხვა მცდელობები იყო. ეს 20 დოლარი ფირმის რეგისტრაციისთვის გვჭირდებოდა. დანარჩენი, ბევრი არ იყო საჭირო.
- როგორ აღმოჩნდით ბიზნესიდან ციხეში?
- დაიწყო 2007 წელს. ჯერ დიდი თანხა დაგვარიცხეს, მერე დაგვიპატიმრეს კონტეინერები, მთელი წელი იყო ტექნიკით დატვირთული 8 კონტეინერი, საკმაოდ ძვირად ღირებული, საბაჟოებზე გაჩერებული, დაგვიპატიმრეს თანამშრომლები, ცენტრალური საწყობი დაგვეწვა, თუმცა ჩვენ ამას არ ვუკავშირებდით პირდაპირ, კომპანიის მითვისების მცდელობას. მაგრამ მერე როცა ქიბარ ხალვაშის საწყობი დაიწვა და იქ აღმოჩნდა უკვე ნივთმტკიცება, საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ჩვენი ცენტრალური საწყობის დაწვაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ხელისუფლების ხელი. შემდეგში კიდევ უფრო გვიღრმავდებოდა ეს ეჭვი, როდესაც აშკარად გამოიკვეთა კომპანიის მითვისების მცდელობა. ასე მარტივად რომ არ მოხერხდა, შეეცადნენ კომერციული სტრუქტურები ჩაერთოთ. მათ შორის სამწუხაროდ, ჩართული იყო ”თიბისი ბანკი”, რომელიც გვთავაზობდა, რომ თუ 51%-ს ცხრა მილიონად დავუთმობდით, ხელისუფლებასთან ურთიერთობებს დაალაგებდნენ, მოაგვარებდნენ, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით. ორ თვეში უკვე მიიღეს კანონი, რომელიც ძალაში შესვლისთანავე პირველად ჩვენზე განხორციელდა, მერე კანონების მთელი კასკადი იქნა მიღებული და დავრწმუდით, რომ ეს კანონები ჩვენს გამო იყო მიღებული. კომპანია დაგვიყადაღეს. ”თიბისი ბანკისა” და ხელისუფლების მოქმედებები იყო სინქრონში. ამიტომ აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს იყო ერთი თამაში. 2009 წელს ”ელიტ ელექტრონიქსი” სამი თვის განმავლობაში დახურული იყო. მივდიოდით ხელისუფლებასთან და ვეუბნებოდით, რამხელა ზარალს იღებდა ქვეყანა, ბიუჯეტში 45 მილიონი გვქონდა შეტანილი 2007-2008 წელში. ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან, როცა მქონდა საუბრები ისინი ამბობდნენ: ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, თუ ”თიბისისთან” შევთანხმდებით, ჩვენ მოვხსნით ყადაღას. რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს პირობა, შეთანხმდება ”თიბისისთან” თუ არა? ”თიბისისთან” მივიდიოდით და უფასო წილს გვთხოვდა, რომ გადაგვეფორმებინა. საბოლოო ჯამში, ”თიბისიმ” გადაიფორმა 55%-ის აქციები, შემდეგ რამდენჯერმე გადაფორმება-გადმოფორმება მოხდა. თუმცა, ყველა გადაფორმება ფიქტიური იყო. ბუნებრივია, ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს და ვფიქრობ, პროკურატურა ამას დროულად დაარქმევს თავის სახელს.
- როგორ ფიქრობთ, რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, ახლაც ციხეში უნდა ყოფილიყავით?
- კი. უწმინდესმა როგორც ვიცი, ბევრჯერ მიმართა პრეზიდენტს ჩემთან დაკავშირებით. მაშინ არ გაითვალისწინეს და შემდეგ დაუკავშირდნენ უწმინდესს და უთხრეს, თქვენი თხოვნა გავითვალისწინეთო და სააკაშვილის მხრიდან მოხდა ჩემი შეწყალება. თუმცა მე არც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს და არც შეწყალება დამიწერია. მე 2013 წლის 26 მაისს გამათავისუფლეს, წელიწადი და 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ.
იხილეთ ინტერვიუ სრულად : „დარწმუნებული ვარ, „ელიტ ელექტრონიქსს“ დავიბრუნებთ“