მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების უფლების 20 წლით ექსკლუზიურად გაცემის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
როგორც ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ზოგადად მსგავსი გადაწყვეტილებები სახელმწიფო კომპანიების განვითარებაზე არ არის ხოლმე ორიენტირებული.
მისივე თქმით, როცა საუბარია მომგებიან სერვისზე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დამატებითი ძალისხმევა/ხარჯი არ სჭირდება, მას შეუძლია თავად გასწიოს ეს მომსახურება და დამატებითი შემოსავალი მიიღოს, რომლითაც დაასუბსიდირებს მგზავრობის ტარიფს სოციალურად დაუცველებისთვის, სტუდენტებისთვის, განაახლებს სატრანსპორტო სისტემას და ა.შ.
„მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტზე, მათ შორის, ლიცენზირებულ ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლების 20 წლით გაცემა ნიშნავს, რომ სატრანსპორტო კომპანია მომგებიან სერვისს იჯარით მინიმალურ, ფიქსირებულ ფასად ასხვისებს, ხოლო ის კომპანია, რომელიც აუქციონში გაიმარჯვებს და ერთგვარი შუამავალი იქნება რეკლამის დამკვეთსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის, ბევრად მომგებიანი იქნება. მაშინ, როცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია თავად განახორციელოს ეს მომგებიანი მომსახურება და დამატებითი შემოსავალიც მიიღოს.
ამასთან, აქ პირდაპირ იკვეთება ანტისახელმწიფოებრივი და შესაძლოა, კორუფციული გარიგების ნიშნებიც და ვფიქრობ, ამ საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. გარდა ამისა, მაშინ როცა მსგავსი უფლება ექსკლუზიურად გადაიცემა, კომპანია ფაქტობრივად, მონოპოლისტი ხდება, რაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან მას შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული შეხედულება და დამოკიდებულება სხვადასხვა სუბიექტებთან და კომპანიებთან მიმართებაში,“-აღნიშნავს ურუშაძე.
HUB Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს გარკვეული კითხვები და ეჭვები აქვს აუქციონის გამოცხადების ფორმასთანაც. კერძოდ, როგორც ურუშაძე აღნიშნავს, ასე სწრაფად, მოკლე ვადით და ინფორმაციის გავრცელების გარეშე აუქციონის გამოცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ წინასწარ არის შერჩეული კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს ამ აუქციონში.
„აუქციონის ამ ფორმით გამოცხადება მიუთიებს, რომ კომპანიაც და ყველაფერიც წინასწარ არის შერჩეული და უბრალოდ ფორმალურად ტარდება აუქციონი. ასეთი გადაწყვეტილებები სახელმწიფო კომპანიების მხრიდან ყოველთვის წინასწარ არის ხოლმე დაგეგმილი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კანონი ავალდებულებთ, აუქციონს მოკლე ვადებში ფორმალურად და ბარიერებით აცხადებენ, რათა სხვა კომპანიას მონაწილეობის სურვილი არ გაუჩნდეს. როგორც წესი, მსგავს აუქციონებში მონაწილეობას ბაზრის კვლევა, ანალიზი და სფეროს შესწავლა სჭირდება. ამ ფორმით გამოცხადებული აუქციონი კი კომპანიას არ უტოვებს დროს, რომ ბაზარი შეისწავლოს,“-განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან - 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე"-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა - 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.