გზების დეპარტამენტს ბიზნესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ - კომპანიამ „ახალი თევზი“  შესაძლოა, წარმოება შეწყვიტოს

თევზის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზი“ შესაძლოა, დაიხუროს.

როგორც საწარმოს დირექტორი დიტო წვერავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, უკვე 2 კვირაა საწარმოსთან მისასვლელი გზა გადაკეტილია, ალტერნატიული გზით კი ნედლეულისა და პროდუქციის გადაადგილება უჭირთ. საქმე იმაშია, რომ ქარხანა ქარელის რაიონში, სოფელ ურბნისში მდებარეობს, რომელთან მისასვლელი გზა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალიდან არის გაჭრილი, რაც საგზაო დეპარტამენტმა უკანონო დაერთებად მიიჩნია და ჩაკეტა.

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ უკვე შემუშავებული აქვთ პროექტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ე.წ ჯიბის გაკეთება, იმისთვის, რომ არც საწარმო დაზარალდეს და არც მოძრაობას შეექმნას საფრთხე. თუმცა დიტო წვერავას ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტი პასუხს აჭიანურებს, საწარმო კი ზარალდება.

ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპორექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის 4 დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებსა და აშ. აწარმოებს. განსაკურებით ნოვატორული იყო კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი, რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით იყიდება.

როგორც შპს „ახალი თევზის“ დირექტორი დიტო წვერავა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა 20-25%-ით გაზრდილია, ზემოთ ხსენებული პობლემის გამო, საწარმო უკვე დახურვის პირასაა.

„მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა წარმოებული პროდუქციის მოცულობაც. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა თევზის კატლეტზე. ჯამში, პროდუქციაზე მოთხოვნა 20-25%-ით გაიზარდა. თუმცა ამჟამად საწარმო დახურვის პირასაა. გზა უკვე 2 კვირაა, რაც დაგვიკეტეს. წარმოიდგინეთ, საწარმომდე მისასვლელად ცენტრალური გზიდან 200 მეტრია გასავლელი და ფაქტობრივად, ენთუზიამზე, ხელით გვიწევს პროდუქციის და ნედლეულის ტარება.

ჩვენი ქარხანა მდებარეობს თბილის-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთთან ახლოს, საგზაო დეპარტამენტი კი გვეუბნება, რომ როდესაც ქარხანაში მანქანები შემოდის, ავარიული სიტუაცია იქმნება და გზა ჩაგვიკეტა. ამის შემდეგ ჩვენ წარვადგინეთ სამხარაულის დასკვნა, რომ აქ შეიძლება გაკეთდეს ე.წ ჯიბე, რათა ქარხანაში უსაფრთხოდ შემოვიდეს მანქანა. ამას ვაპირებთ ჩვენივე სახსრებით, მაგრამ გვეუბნებიან, განხილვის პროცესიაო და იმდენად ჭიანურდება, რომ საწარმოს მუშაობას სერიოზული ზიანი ადგება. ამჟამად კომპანიაში 80 კაცი მუშაობს, მათ უკან კიდევ რამდენი ადამიანი დგას და წარმოიდგინეთ, ყველა მათგანი შესაძლოა, ულუკმაპუროდ დარჩეს“,-აცხადებს დიტო წვერავა.

აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ საგზაო დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ თავის დროზე კომპანიამ ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთება გააკეთა, შესაბამისად, მისი გადაკეტვა მოხდა.

„აღნიშნულ საწარმოს ცენტრალურ მაგისტრალზე ჰქონდა უკანონო დაერთება, შესაბამისად, დაიხურა. მათ უკვე მიღებული აქვთ სქემა, თუ როგორ უნდა იმოძრაონ შიდა გზებით. მოქალაქეებისა და თავად მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პირდაპირ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ვეღარ იმოძრავებენ“,-აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.

„ბიზნესპრესნიუსის კითხვაზე, თავის დროზე რატომ მიეცა კომპანიას უკანონო დაერთების უფლება, ან ამ დრომდე რატომ არ განხორციელდა მონიტორინგი, საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ - „იმ მომენტში ჩვენ ასეთი მონიტორინგი არ გვქონდა. თავიდან მათ მოგვმართეს წერილობით და ვუთხარით უარი“.

რაც შეეხება საწარმოს მიერ წარდგენილ ე.წ ჯიბის პროექტს, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომპანიას პასუხის შესახებ ეცნობება, თუმცა როდის, კონკრეტული ვადების დასახელება უჭირთ.

ნინი ქეთელაური
თევზის მწარმოებელი კომპანია „უმალი“ შესაძლოა, აღარ დაიხუროს - საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაყვანას დათანხმდა