ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა, თუ რომელ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები ახალი წლის შეხვედრისთვის. როგორც ტურისტულ კომპანიებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მოქალაქეები ძირითადად მცირებიუჯეტიან, იაფ მიმართულებებზე აკეთებენ არჩევანს. მათი თქმით, განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ეგვიპტე, ხოლო ევროპის მიმართულებიდან ჩეხეთი და უნგრეთი.
როგორც ტურისტული სააგენტო oktravel-ის მენეჯერმა სალომე ხოშაბაევმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, შარშანდელთან შედარებით წელს დუბაის ნაკლებად ირჩევენ.
„საახალწლოდ ძალიან ხშირად მიდიან ეგვიპტეში, ევროპის მიმართულებიდან კი მოთხოვნადია ვენა, ავსტრია, ჩეხეთი. საფრანგეთზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა გარკვეული არეულობების გამო შემცირდა. ასევე უცვლელად მოთხოვნადია იტალია და ესპანეთი.
ახალ წელს სხვა ქვეყანაში შეხვედრაზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს იმით არის განპირობებული, რომ ბიუჯეტური ფრენების დაგეგმვა მარტივია. ასევე ავიაკომპანიები და სასტუმროები უფრო მეტ აქციას სთავაზობენ მომხმარებელს“, - განაცხადა ხოშაბაევმა.
მისი თქმით, ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მიმართულება ეგვიპტეა. არჩევანის გაკეთებისას ბიუჯეტი გადამწყვეტ როლს ასრულებს.
„როდესაც ჩვენთან მოდიან, პირველ რიგში ბიუჯეტურ მიმართულებებს არჩევენ, თუმცა არის სეგმენტი, ვისთვისაც კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია. საახალწლოდ ყველაზე იაფიანი მიმართულება, იმ კურთხით, რომ ყველაფერს მოიცავს, ეგვიპტეა. რაც შეეხება ევროპას, აქ ფასების მხრივ დაახლოებით ერთ დონეზეა - ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი. ცოტა ძვირია საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, ასევე მაღალ ფასით გამოირჩევა გერმანია და ჰოლანდია. როგორც წესი, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა უფრო ძვირი ჯდება.“ - განაცხადა სუხიტაშვილმა.
ტურისტული სააგენტო startravel-ის ხელმძღვანელი თათია სუხიტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წელს ევროპის ქალაქებიდან ახალი წლისთვის მოთხოვნადია რომი და ბარსელონა.
„ახალი წლისთვის მოთხოვნადია სტამბოლი, შემდეგ მოდის რომი და ბარსელონა. ჯავშნების ნაწილი 2-3 თვით ადრეა გაკეთებული.
ზოგადად მთელი წლის განმავლობაში პოპულარულია - ვენა- პრაღა-ბუდაპეშტის ტური და ახალი წლისთვისაც ეს მიმართულება საკმაოდ მოთხოვნადია. ქართველები ქვეყნის არჩევისას ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, ახალ წელს უფრო გრანდიოზულად სად ხვდებიან, ასევე როგორ აღნიშნავენ და რამდენად კარგი დეკორაციები აქვთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფასსაც აქცევენ ყურადღრებას.
რაც შეეხება ფასებს, საახალწლოდ ვენა-პრაღაში 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე ერთი ადამიანი 1349 ლარი ღირს, სტამბოლი - 685, ხოლო ვროცლავი - 670 ლარია. გასათვალისწინებელია, რომ ესაა ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ტურის ფასი. ჩემი დაკვირვებით მოგზაურობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.
easy travel-ის წარმომადგენელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი წლის შესახვედრად მომხმარებლები ისეთ ქვეყნებს ირჩევენ, რომელიც ბიუჯეტურია.
„ახალი წლისთვის ძირითადად ირჩევენ დაბალბიუჯეტიან ქვეყნებს. აქედან ყველაზე მოთხოვნადია - ეგვიპტე, სტამბოლი. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, პოპულარულია უნგრეთი და ჩეხეთი" - განაცხადეს კომპანიაში.