ივანე მაჭავარიანი - გრძელვადიან პერიოდში ადვალური და ფიქსირებული აქციზი გათანაბრდება

ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია მოხდეს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე გრძელვადიან პერიოდში გათანაბრდება როგორც ფიქსირებული, ასევე ადვალური აქციზი.

„აქციზი თამბაქოს ნაწარმზე მართლაც აქტუალური საკითხია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფისკალური ეფექტი, როემლსაც აქედან ველოდებით. ამავდროულად ისიც გვესმის, რომ პარლამენტში ასევე აწუხებთ და ზრუნავენ, რომ ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის ადგილობრივ მწარმოებელს არ შეექმნას პრობლემა და გააგრძელოს მუშაობა. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ჩვენთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის რასაკვირველია, მნიშვნელოვანია მოხდეს გაზრდა აქციზის და ეს ხდება, ნაწილობრივ ფიქსირებული აქციზის გათანაბრების პირობებში. არ მგონია, რომ შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი საშუალოვადიანი ნაბიჯი, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მაინც მგონია, რომ გათანაბრდება როგორც ფიქსირებული, ასევე ადვალური აქციზი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯანდაცვის კომიტეტის თამვჯდომარემ აკაკი ზოიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ფილტრიან სიგარეტზე 2019 წლის პირველი იანვრიდან ე.წ. ადვალური გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზრდება. მისივე თქმით, შედეგად გაძვირდება იმპორტირებული სიგარეტის ფასიც.

11 თვეში აქციზიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 1.3 მლრდ ლარი შევიდა