ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საკვებ პროდუქტებზე მოხდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის ნოემბრის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა.

„2018 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.7 პროცენტით გაიზარდა. ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, სეზონური ფაქტორების გამო, ძირითადად საკვებ პროდუქტებზე მოხდა. კიტრის და პომიდორის ფასი შესაბამისად 49 და 47 პროცენტით გაიზარდა, 8 პროცენტით გაძვირდა ყველი. ერთჯერადი ფაქტორებიდან კვლავ ძალაში რჩება 2018 წლის იანვრიდან წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირება. აღნიშნული კომუნალური გადასახადების მატების გავლენამ წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ნოემბერში 0.2 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში სურსათის ფასები წინა წლის ნოემბერთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე აღსანიშნავი სურსათიდან პურისა და ძროხის ხორცის შესაბამისად 4 და 6 პროცენტით გაძვირებაა, რამაც ჯამში ინფლაციაზე 0.3 პროცენტი გავლენა იქონია. საპირისპიროდ გაიაფდა ვაშლი და შაქარი შესაბამისად 34 და 16 პროცენტით, ხოლო მათი გავლენა ინფლაციაზე -0.3 პროცენტი იყო“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვის გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება. მიმოხილვის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „კვლევებისა და გამოცემების“ რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=350

2018 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდომ 11.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -23.1 მლრდ დოლარი შეადგინა
ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 დოლარი შეისყიდა