საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 2018 წელს 4 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა. საერთო ჯამში, დეპუტატმა შარშან უძრავი ქონების შეძენაში 210 000 დოლარი დახარჯა.
დავით მათიკაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან თბილისში 3 ბინა შეიძინა, ერთში 20 685 დოლარი გადაიხადა, მეორეში - 25 023 დოლარი, მესამეში კი 24 292 დოლარი. ამასთან, დეპუტატის სახელზე ფიქსირდება მიწის ნაკვეთი თხინვალში, რომელშიც მან მეწილეებთან ერთად 90 000 დოლარი გადაიხადა. დავით მათიკაშვილს აღნიშნული ქონების მხოლოდ 33,3% ეკუთვნის. მათიკაშვილის ოჯახმა უძრავი ქონება იყიდა დაბა ბაკურიანშიც, 57,9 კვ/მ ფართის ბინაში 50 000 დოლარი გადაიხადა.
დავით მათიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული Toyota Camry, რომელიც დეპუტატმა 2016 წელს 8 000 დოლარად იყიდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არც დავით მათიკაშვილის და არც მისი მეუღლის სახელზე არცერთი უძრავი ქონება რეგისტრირებული არ იყო.
რაც შეეხება დავით მათიკაშვილის ოჯახის შემოსავალს, დეკლარაციაში 2018 წლის შემოსავალი ჯერ არ არის აღნიშნული. 2017 წლის შემოსავლის მიხედვით კი მათიკაშვილისა და მისი მეუღლის მთლიანმა შემოსავალმა 115 617 ლარი შეადგინა.
დავით მათიკაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრია. დეპუტატობამდე მათიკაშვილი „ბანკი ქართუში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის ჯერ იყო ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდგომ ამავე დეპარტამენტის დირექტორი, ასევე იყო „ბანკი ქართუს“ საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს რეგულირების განყოფილების უფროსი.