დეპუტატი დავით მათიკაშვილი 2018 წელს შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი მისი და მისივე ოჯახის მიერ 2018 წელს შეძენილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მათიკაშვილის დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატმა 2018 წელს 4 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი შეიძინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ მათიკაშვილის განმარტებას გთავაზობთ:

„თხინვალში მდებარე მიწის ნაკვეთი შევიძინე 2 სხვა პიროვნებასთან ერთად, თანაბარწილად (და ეს თვალნათლივ ჩანს დეკლარაციაში) შესაბამისად, ხსენებული მიწის მხოლოდ 1/3 ია ჩემი საკუთრება და გადახდილი თანხის მხოლოდ 1/3 ია ჩემს მიერ გაღებული და არა სრულად. ამასთან, მიწის ნაკვეთი სრულად შეძენილია სს "ვი თი ბი" ბანკიდან აღებული 15 თუ 20 წლიანი იპოთეკური სესხით და ეს არ არის სტატიაში მითითებული, თუმცა უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერში სესხის და იპოთეკის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დეტალებში. ამ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია ვერ მოხვდა დეკლარაციის ხელშეკრულებათა გრაფაში ერთადერთი მიზეზით - 2018 წლის დეკლარაციაში ივსება ინფორმაცია წინა წელს ანუ 2017 წელს დადებული ხელშეკრულებების თაობაზე, ხოლო ზემოხსენებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები 2018 წელს გაფორმდა, ამიტომაც, სრული ინფორმაციისათვის აუცილებელია ამონაწერის შემოწმება.

2018 წელს ბაკურიანში ბინა შეიძინა ჩემმა მეუღლემ, რაც შესაძლებელი გახდა სს "საქართველოს ბანკიდან" აღებული ასევე მრავალწლიანი, თუ არ ვცდები 15 წლიანი იპოთეკური სესხით, შესაბამისად, ბინის შესახებ ამონაწერში ასევე მითითებულია როგორც სესხის, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებები, თუმცა სტატია ამ ინფორმაციას არ შეიცავს. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოხვდა 2018 წელს დადებული ხელშეკრულებები ხსენებულ დეკლარაციაში, იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში, ამიტომ აქ აღარ განვმეორდები;

ჩემი ოჯახის წევრის, მამისგან ნაჩუქარი თანხით (რომელსაც ეს თანხები, ასევე თავისი ქონების გაყიდვის შემდეგ გაუჩნდა და რომელიც მქონდა სს "ბანკ ქართუში", დეპოზიტზე განთავსებული) მშენებარე კორპუსში შევიძინე ბინები (ჯერჯერობით იქ საძირკველია მხოლოდ), ანუ დეპოზიტი დაიხურა, გნებავთ განულდა და ამ თანხით მოხდა უძრავი ქონების შეძენა. ამ შემთხვევაშიც, სტატია ამ ინფორმაციას არ შეიცავს“, - ამბობს დავით მათიკაშვილი.

ცნობისათვის, დავით მათიკაშვილის მიერ 2018 წელს შეძენილი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსმა“ მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის შესაბამისად გაავრცელა. დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული (და არც არასდროს ყოფილა) თუ რა სახსრებით ყიდულობენ სახელმწიფო მოხელეები უძრავ ქონებას. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც დეპუტატს დეკლარაციაში აქვს აღნიშნული და შესაბამისად, სტატიაში ვერ მოხვდებოდა ქონების შეძენისთვის განკუთვნილი სახსრების წარმომავლობა.