2018 ივნისიდან დღემდე რაჭა-ლეჩხუმში უკვე 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა.
„დაკარგული სამოთხე“ - ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრი აგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს კი მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.
თუმცა, როგორც იდეის ავტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღმოჩნდა, რომ სახლების შესახებ ინფორმაციას ე.წ მაკლერები „უსაფრდებიან“ და ფინანსური სარგებლის ნახვის მიზნით თავად უკავშირდებიან მეპატრონეებს - „ამას უკვე ვეღარ გავაკონტროლებ, რადგან მე მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებელი ვარ. უბრალოდ, ცოტა უხერხული მგონია, როდესაც სახლი ისედაც ძალიან დაბალ ფასად, მაგალითად, 2000 ლარად იყიდება და აქედან ვიღაცას საკუთარი ფინანსური საგებლის მიღება სურს“,- აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
რაც შეეხება თავად კამპანიის იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.
„სათაფლიაში ჩემი სახლისთვის მინდოდა ბეღელის შეძენა და როდესაც გამყიდველს ვესაუბრებოდი, გვერდით სახლი წაიქცა. იდეაც სწორედ აქედან გამიჩნდა. ყველას ჰგონია, რომ ფინანსური ინტერესი მაქვს, მაგრამ ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ გამოცოცხლდეს აქაურობა. ქუთაისიდან ცაგერამდე მანქანით რომ მიდიხარ, გზაზე აღარავინ შეგხვდება, წყლის მომწოდებელიც კი აღარ არის. ეს არის საშინელება“,-ამბობს ლექსო ჩარკვიანი.
აღსანიშნავია, რომ გაყიდულ 19 სახლს შორის ყველაზე იაფი - 1500, ხოლო ყველაზე ძვირი - 8 000 ლარი ღირდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წლის პერიოდია, სახლებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერავის ვაწუხებ. როგორც ეს დღეები დასრულდება, ისევ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ კამპანიას. ამ ეტაპისთვის უკვე 19 სახლია გაყიდული. კამპანიის დაწყებიდან მალევე 12 სახლი გაიყიდა, ბოლო თვეებში კი 7, საიდანაც ყველაზე იაფი 5 000 ლარიანი იყო, ხოლო ყველაზე ძვირი - 10 000 ლარიანი. თუმცა როგორც ვიცი, მოლაპარაკება მოხდა მეპატრონესთან და 8 000-ში მისცა“,-აცხადებს ლექსო ჩარკვიანი.
როგორც იდეის ავტორი აცხადებს, სახლებს ქართველები ძირითადად საზაფხულო დასასვენებელი ადგილის დანიშნულებით ყიდულობენ.