H1N1 A ტიპის ვირუსის დეტალური კვლევა ლუგარის ცენტრში ხდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე მოქალაქემ შეკითხვით მოგვმართა, თუ სად ტარდება და რა ღირს ე.წ. ღორის გრიპის დადგენა.
რაც შეეხება გამოკვლევის ღირებულებას, როგორც უწყების ხელძღვანელი აცხადებს, ლუგარის ცენტრში კვლევის პროცედურა უფასოა და თუ რომელიმე კლინიკა A და B ტიპის ვირუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ კვლევაში გარკვეულ საფასურს იღებს, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციაში არ შედის.
„არასწორია, როდესაც ამბობენ „ღორის გრიპს“, ეს არის H1N1 A ტიპის ვირუსი. რაც შეეხება A-ს ჩაშლას, ეს არის H1N1, H1N2, H1N3 თუ სხვა ქვეტიპები, ამის კვლევა მხოლოდ ლუგარის ცენტრში ტარდება და ამ გამოკვლევას აფინანსებს სახელმწიფო. ე.წ საყრდენი ბაზებიდან, რომელშიც რამდენიმე საავადმყოფო და პოლიკლინიკა შედის, ლუგარის ცენტრს მიეწოდება საკვლევი მასალა, ანუ სწორედ ისინი აგზავნიან კონკრეტულ ნიმუშს შემდგომი დეტალური კვლევისთვის, რაც სახელმწიფოს ეპიდზედამხედველობის ნაწილს წარმოადგენს. ანუ, სახელმწიფო აკონტროლებს და მონიტორინგს უწევს თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქეყანაში. შესაძლოა, რომელიმე სამედიცინო ცენტრი აკეთებს მხოლოდ A და B ტიპის ვირუსების დიფერენცირების კვლევას და ზოგადად ადგენს, აღენიშნება თუ არა პაციენტს გრიპის ვირუსი, მაგრამ ზუსტი დიაგნოსტირება, გრიპის რომელი ქვეტიპია კონკრეტულ შემთხვევაში, ეს კვლევა მხოლოდ სახელმწიფო ზედამხედველობით კეთდება და ამაში ფულს არავინ იხდის“,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.