ხაზარაძე: „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციის მიზანი ბანკისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვაა

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მის მიერ მილიონობით დოლარის შესაძლო მითვისებასა და გათეთრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს და დამახინჯებულს უწოდებს.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას ემსახურება. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია ზიანი მიაყენოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს - „თიბისი ბანკს“ - ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს. თიბისი ბანკი არის და დარჩება ქვეყანაში და რეგიონში ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც წარმოდგენს კორპორაციული მართვისა და პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების და ინვესტორების მიერ. თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თიბისი ბანკის არსებობის 27 წლის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში, არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი. თიბისი ბანკს და მის მენეჯმენტს გამოუვლია არაერთი კრიზისი და ყველა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის დაუმტკიცებია და მომავალშიც დაამტკიცებს თავის სიმართლეს,“-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. თუმცა, არ აკონკრეტებენ დეტალებს საქმის გარშემო. ამასთან, ინტერნეტპორტალმა kvira.ge-მ 8 იანვარს სკანდალურ ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს შესაძლოა ბრალი წარუდგინონ, მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო.

„თიბისი ბანკის“ რა საქმეს სწავლობს პროკურატურა
„თიბისი ბანკი“ პროკურატურის მიერ დოკუმენტების ამოღებაზე განცხადებას ავრცელებს
მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს