„თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის პროკურატურის მიერ შესწავლის ფაქტს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
ხუხაშვილის შეფასებით, TBC ბანკზე ინფორმაციის “გაჟონვა” უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუშია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „TBC ბანკზე ინფორმაციის “გაჟონვა” არის უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუში.
ვინც ამას აკეთებს, ან არ ესმის რას ეთამაშება, ან მიზანმიმართულად უქმნის საფრთხეს ფინანსური სისტემის სტაბილურობას. შინაარსობრივად, აქ რომც იყოს რაიმე პრობლემა, ეს არ ეხება ბანკს და უფრო პერსონალურ ხასიათს ატარებს,“- წერს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. თუმცა, არ აკონკრეტებენ დეტალებს საქმის გარშემო. ამასთან, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ თითქოსდა ფულის მითვისებისა და გათეთრების ფაქტის შესახებ.