„თიბისი ჯგუფი“ ადასტურებს, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ გარკვეულ ტრანზაქციებზე ეროვნული ბანკის მხრიდან მონიტორინგი/ინსპექტირება განხორციელდა. ამის შესახებ, ბანკის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ ინგლისურენოვან განცხადებაშია აღნიშნული.
ბანკის ცნობით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები „თიბისი ბანკსა“ და გარკვეულ ფიზიკურ პირებს შორის (რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის აზრით, თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებულნი იყვნენ), „ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა.
„ზემოთ აღნიშნული სადავო ტრანზაქციები ეროვნული ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების განთავსებამდე (2014წ) რამდენიმე წლით ადრე, 2008 წელს შეისწავლა და მაშინ სებ-ის მიერ რაიმე ქმედება არ განხორციელებულა. ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკს“ დააკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ამ ეტაპზე უცნობია ეცდება თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებითი სანქციების დაწესებას. ეს ჯარიმა „თიბისი“-მ უკვე გააპროტესტა საქართველოს სასამართლოებში და სასამართლომ ჯარიმის გადახდის შეჩერების თაობაზე ბრძანება გამოსცა,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „თიბისი ჯგუფის“ განმარტებით, საქართველოს პროკურატურამ სწორედ აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მათივე ცნობით, ისინი არ ელიან, რომ ეს ყველაფერი ჯგუფს მატერიალურ ზიანს მიაყენებს.
„თიბისი ბანკი“ უარყოფს ამ გარიგებებთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს და თავისი პოზიციის დაცვას აპირებს. მომავალი განცხადებები კი მოვლენების შესაბამისად გაკეთდება,“- ნათქვამია „თიბისი ჯგუფის“ განცხადებაში.