ვიმედოვნებთ პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და „თიბისი ბანკი“, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი, გააგრძელებს აქტიურ განვითარებას, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენის აპარატი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ გამოძიებას.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ პოლიტიზირებულმა განცხადებებმა, დაუსაბუთებელმა სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა, შესაძლოა, არასწორი მოლოდინი შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის.
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყურადღებით აკვირდება „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ პოლიტიზირებულმა განცხადებებმა, დაუსაბუთებელმა სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა, შესაძლოა არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მთავარია, რომ საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ჩვენთვის ცნობილია საკითხი ეხება კონკრეტულ ეპიზოდს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, აღნიშნული ვერ იქნება ზიანის მომტანი მთლიანად საფინანსო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკი“ ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტია და აკმაყოფილებს ყველა შესაბამის ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ვიმედოვნებთ პროცესი იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და „თიბისი ბანკი“, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი გააგრძელებს აქტიურ განვითარებას“, - აცხადებენ აპარატში.